ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ გაიხსნა, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის დარგში უახლეს სამეცნიერო კვლევებს ეხება. კონფერენცია მიზნად დარგის პოპულარიზაციას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების, ახალგაზრდა მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას ისახავს.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს, ევროპისა და კანადის მეღვინოებისა და მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლებასა და მეცნიერულ კვლევებზეა ორიენტირებული. მოგეხსენებათ, საქართველო ვაზის სამშობლოა. ჩვენი ბიოლოგები და ბიოტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტები აღნიშნული საკითხის შესწავლაში აქტიურად არიან ჩართულები და ვიმედოვნებთ, ასეთი სახის კვლევები მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილმა.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენცია მრავალი ქვეყნის მეცნიერს აერთიანებს. მისივე თქმით, „საქართველო ვაზისა და ღვინის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილია. ეს არის ქვეყანა, სადაც ღვინო პირველად შეიქმნა და სადაც ვაზის ჯიშების განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება გვაქვს. შესაბამისად, მკვლევართათვის ძალიან საინტერესოა“ .
კონფერენციის საზეიმო გახსნამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალგაზრდულ სიმპოზიუმს უმასპინძლა, სადაც თბილისის და საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტებიდან სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები, ჩატარდა მასტერ-კლასი ღვინის დეგუსტაციასა და ენოლოგიაში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის კახაბერ კორძაიას განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ დააფინანსოს მეცნიერული კვლევები ყველა მიმართულებით, აუცილებელია მაქსიმალური ძალისხმევა ღვინის და ვაზის ფუნდამენტური კვლევების განსახორციელებლად. მისივე სიტყვებით, სწორედ ამგვარი თანამშრომლობის მაგალითია დღევანდელი კონფერენცია.
„კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ეხება უძველესი ტრადიციის დღევანდელობაში შესწავლასა და ყველა იმ პრობლემის განხილვას, რომელიც ამ საქმიანობის თანმდევი შეიძლება იყოს. სასიხარულოა, რომ ამ საკითხების შესწავლას სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ყურადღება ეთმობა,“ - აღნიშნა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა.
კონფერენცია 12 მაისამდე გაგრძელდება. დასკვნითი სიმპოზიუმი კახეთში, იყალთოს ქვევრის აკადემიის ბაზაზე გაიმართება.
პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.