„მე და ნინო ბურჯანაძე შევთანხმდით, რომ სჯობს, პარტია დავტოვო და ცალკე ვიყო. ეს იყო ტაქტიკური ორმხრივი შეთანხმება, ორივემ საჭიროდ მივიჩნიეთ, ჩემი დამოუკიდებლად მოქმედება," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, „რეზონანსთან" საუბრისას.
ის კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს პარტიის დატოვების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები თანაპარტიელებმა სააკაშვილის მხარდაჭერად აღიქვეს. გვითხრა, რომ ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია.
ეს "რეზონანსს" მოგვიანებით პარტიაშიც დაუდასტურეს.
"ის, რომ გუბაზ სანიკიძე პარტიიდან გაირიცხა, არის სისულელე. გუბაზ სანიკიძე რჩება პარტიის მეგობრად, ის ნინო ბურჯანაძის მეგობარი იყო აქამდეც და მომავალშიც ასე იქნება," - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
„გუბაზ სანიკიძეს პარტია რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო არ დაუტოვებია. მან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და გადაწყვიტეს, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსონა ყოფილიყო; რადგანაც საკითხი ასე დადგა, პარტიის განცხადებებსა და მის შეხედულებებში, შესაძლოა, განსხვავებები ყოფილიყო. აქ, შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებებები კი არაა მთავარი საკითხი, არამედ გამოხატვის ფორმა.
პარტიაში გაწევრიანებული ნებისმიერი ადამიანი, ძალაუნებურად, პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული ხარ. ნებისმიერი პოზიციის გამოხატვისას, პოლიტსაბჭოსთან, პარტიის ლიდერთან უნდა იყო შეთანხმებული, გუბაზ სანიკიძეს საკუთარ შეხედულებებსა და განცხადებებში მეტი კომფორტი სურდა." - უთხრეს „რეზონანსს" პარტიის პრეს-სამსახურში.
ინფორმაცია, გუბაზ სანიკიძის მიერ, ნინო ბურჯანაძის პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობა", დატოვების შესახებ ხუთშაბათს პარტიამ თავად გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძე ზემოხსენებულ პარტიაში გაწევრიანებამდე, 10 წლის განმავლობაში, „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი, ასევე, გახლდათ, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკით: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება."