ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საქართველოში შარშანდელთან შედარებით, სამწუხაროდ, 180 ვეტერანით ნაკლებია. ამჟამად დაახლოებით ომის 490 ვეტერანია. შარშან კი - 670 იყო.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ომს საქართველოს სსრ-ის 300 ათასი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ქერჩთან იყო, 120 ათასი ქართველი დაიღუპა. 700 ათასი ქართველიდან 224 ათასი სხვადასხვა ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა. 9 მაისის აღნიშვნა, ტრადიციულად, თბილისში ვაკის პარკიდან დაიწყო. ვაკის პარკში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.
„საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ამ ომში და მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე. მსურს განსაკუთრებით ეს დღე მივულოცო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„მინდა ყველა იმ ვეტერანს, რომლებიც დღეს კიდევ ცოცხლები არიან, მივულოცო მათი იმდროინდელი გამარჯვება. ყველა ქართველს, ყველას სჯეროდა, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ყველა დაიღუპა საქართველოსთვის. მინდა იყოს მათი ხსოვნა და მათი პატივისცემა დღეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს. პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას," - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ვაკის პარკში.
ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ასევე „თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, ომის ვეტერანებს უდიდესი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე.
„9 მაისს ჩვენ ტრადიციულად აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვებას. ეს იყო ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვევა ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა. მრავალმა ადამიანმა თავი დადო ამ ომში და ჩვენ რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას", - განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომელიც ვაკის პარკში დავით ბაქრაძესთან ერთად მივიდა.
„რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავს სახელმწიფო ვეტერანების მიმართ და რაც უფრო დააფასებს მათ, ეს უკეთესია არამარტო ვეტერანთათვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, ვინაიდან მათ ყველაზე დიდი დამსახურება აქვთ," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.