ჟურნალისტი სალომე ასათიანი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მიერ, 17 მაისის, როგორც ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება ერთადერთ მიზანს ატარებს – ქვეყანაში მცხოვრები არაჰეტეროსექსუალი ადამიანების გარიყვას, და იმის ხაზგასმას, რომ ისინი არ არიან სრულფასოვანი, ყველა უფლების, მათ შორის ჩაგვრისგან დაცვის უფლების მქონე ინდივიდები.
“საპატრიარქოს მიერ დაწესებული “ოჯახის სიწმინდის დღე”, თავისი კონცერტებიანად, რეალურად ერთადერთ მიზანს ატარებს – ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გვერდით მცხოვრები არაჰეტეროსექსუალი ადამიანების გარიყვას, და იმის ხაზგასმას, რომ ისინი არ არიან სრულფასოვანი, ყველა უფლების, მათ შორის ჩაგვრისგან დაცვის უფლების მქონე ინდივიდები. 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა, მათი ღონისძიებებით კი სწორედ ჰომოფობია ძლიერდება. არაჰეტეროსექსუალებიც ოჯახებში ცხოვრობენ, და ხშირად ოჯახის წევრების მხრიდანვე განიცდიან ჩაგვრას – მამების, ძმების მხრიდან.
“ოჯახის სიწმინდის დღის” მაინცდამაინც 17 მაისს დაწესება ზუსტად ამ ჩაგვრას აძლევს ლეგიტიმაციას. მით უმეტეს 2013 წლის მოვლენების გათვალისწინებით, როცა მღვდლები მოუძღვოდნენ წინ უმცირესობის მიმართ დიდი აგრესიით დამუხტულ ჯგუფებს. ჩემი გაგებით, ოჯახური სიმტკიცე და თუ გნებავთ “სიწმინდეც” მაშინაა, როცა მისი წევრები ერთმანეთს პატივს სცემენ, მხარს უჭერენ და ერთმანეთი უყვართ, განსხვავებების მიუხედავად.
რამდენად ქრისტიანულია ადამიანებისთვის ხმის წართმევა და მათთვის იმის თქმა, რომ თანასწორობას და სიყვარულს არ იმსახურებენ, მორწმუნეებმა განსაჯონ. მე მგონია, რომ ისედაც ჩაგრული ადამიანების კიდევ უფრო გარიყვას არაფერი აქვს საერთო ამ რწმენასთან. მაგრამ როგორც მოქალაქეებმა, ასე ვთქვათ “სეკულარულ” სივრცეში, ამ ღონისძიების რეალური მესიჯი და მნიშვნელობა მკაფიოდ უნდა დავინახოთ.” – წერს სალომე ასათიანი.