"ხელისუფლება პანკისში სიტუაციის არევის ვერაგული გეგმის განხორციელებისთვის ემზადება. მერამდენედ უნდა წამოგაგოთ ანკესზე ამ ხელისუფლებამ? - შევწყვიტოთ უსაგნო კამათი. თუ მალხაზ მაჩალიკაშვილის შველა არ შეგვიძლია, ჭკუას მაინც ნუ ვასწავლით და ნუ ვარჩევთ, ვის, სად და რა უთხრა", - ამის შესახებ პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ახალი საკენკი შემოაგდო ლანძღვა-გინებაზე, განკითხვაზე ან პილატესავით ხელის დაბანაზე ორიენტირებულ "საზოგადოებაში" მოქმედმა ხელისუფლებამ: ვახა მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბრის ჩანაწერი. და მიდის დაუღალავი გარჩევა - რა თქვა მაჩალიკაშვილმა; მარტო თავისი შვილის მკვლელის მარშრუტს ადგენდა თუ კიდევ რამე ჰქონდა გუნებაში; ეგებ მისი ხმა არ არის და რა ვიცი კიდე რას არ წერენ...
მერამდენედ უნდა წამოგაგოთ ანკესზე ამ ხელისუფლებამ, მერამდენედ?!
რა მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერს?! ვერ ხვდებით ეხლა რატომ დაიდო?! ან რა მერე თუ ვახა თავისი შვილის მკვლელის ადგილსამყოფელს ადგენდა?! ან თუნდაც თავისი ძმისშვილისთვის განწარებულ მამას რამეც რომ ეთქვა (თუ ეს სიმართლეა) მერე რა?!!! რამდენს და რამდენჯერ გითქვამთ უბრალოდ ვინმეზე გაბრაზებულებს ამაზე ბევრად უარესი?! ეს კაცი – ვახა მაჩალიკაშვილი ვინმეს ფიზიკურ განადგურებას რომ გეგმავდეს, ამდენი ხანი ასე აქციებზე იდგებოდა??? და გულში თუ თავისი შვილის მკვლელის სიკვდილი არ ეწყინება, ვინმე ხართ ამის განმკითხავი?!
დღესავით ნათელია როგორ საგულდაგულოდ ემზადება ეს ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებისთვის და თან პარალელურად, რუსეთის გეგმას ახორციელებს, რაც პრინციპში ერთი და იგივეა.
2020 წლის არჩევნების მოსაგებად რამდენიმე ამოცანა აქვს გადასაწყვეტი ხელისუფლებას:
- არიოს სიტუაცია პანკისში;
- არ დაუშვას სანდრა რულოვსის მოგება ზუგდიდში;
- აიძულოს "რუსთავი 2" შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა.
სამივე ამოცანის გადაწყვეტაში ღიად და ფიზიკურად მონაწილეობს შსს მინისტრი გახარია და სწორედ ამიტომ სიტუაცია ამ სამივე თემაზე განსაკუთრებულად ვერაგულია.
და ისევ ვუბრუნდები ვახა მაჩალიკაშვილის თემას:
შევწყვიტოთ უსაგნო კამათი ამ ღირსებით სავსე ადამიანზე და თუ შველა არ შეგვიძლია, ჭკუას მაინც ნუ ვასწავლით და ნუ ვარჩევთ, ვის, სად და რა უთხრა! ხელისგულზე დევს ამ კაცის მოქმედება მთელი ამ ხნის განმავლობაში და ათასგვარი ვერსიების დაუღალავად გარჩევის ნაცვლად, ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ!
საქმე ჭორაობის ნაცვლად!", - წერს სარიშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.
სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის ის პარლამენტის შენობის წინ, ფარულად არის ჩაწერილი.