სოფელ ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამნავიანი ეკლესია აშენდება

სოფელ ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამნავიანი ეკლესია აშენდება

სოფელ ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამნავიანი ეკლესია აშენდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროექტის არქიტექტორმა დავით სვანიძემ განუცხადა.

„სამნავიანი ტაძარი სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. საკმაოდ კარგი ხედია. მოეწყობა ტერასა, რომლის ქვემოთ განთავსდება სამრევლო, სახლი, სკოლა, ინფრასტრუქტურული ნაწილი, რაც პროექტს ახლავს. გათვალისწინებულია ტაძრის კარიბჭის და ავტოსადგომის მშენებლობაც. ეს ყველაფერი ჩაწერილი იქნება ერთიან განაშენიანებაში. მოეწყობა დასასვენებელი პარკი და ერთიანი დიდი ანსამბლი იქნება. წარმოდგენილია შესაბამისი ესკიზები, როგორი უნდა იყოს საბოლოო ჯამში" - განაცხადა დავით სვანიძემ.

მისი თქმით, გრუნტის დაძიებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მშენებლობა უახლოეს ხანებში დაიწყება.

ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეკლესიის მშენებლობის პროექტს დღეს სოფელ ძველ ხიბულაში, რეგიიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ფონდ „ქართუს"გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად გაეცნო.

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივებს „ქართული ოცნების"თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაპირდა. „ქართული ოცნების" ლიდერმა 29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდება სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და შიდა გზებს, მოხდება გაზით უზრუნველყოფა, აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს" თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს მისცა.