"რუსთავი 2" გადადის საგანგებო მდგომარეობაზე, "რუსთავი 2" კვლავ მოიგებს ამ ომს"

"რუსთავი 2" გადადის საგანგებო მდგომარეობაზე, როგორც წინათ, "რუსთავი 2" კვლავ მოიგებს ამ ომს, დაიხურება "რუსთავი 2" და გაიხსნება ახალი იგივე სახეებით, ამის პირობასაც გაძლევთ, ეს არაფერს შეცვლის ქვეყნის დაზიანების გარდა, ამ ბრძოლის წაგებასაც ჩვენ არ ვაპირებთ, ეს ხელისუფლება ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სარჩელის რეალური მიზანი, კომპანიის ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

„ასე, რომ ეს პრეტენზია, რა თქმა უნდა, არის ჰაერიდან მოტანილი. ამ პრეტენზიას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ეს პრეტენზია არის შესული მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს გაუჩნდეს ფორმალური წინაპირობა, შემოვიდეს დროებითი მმართველის მეშვეობით „რუსთავი 2“-ში და მოკლას მისი სარედაქციო პოლიტიკა, შეცვალოს მისი ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკა და რეალურად, მთავარი ოპოზიციური არხი გააქროს. ეს მცდელობები ადრეც იყო. რატომ ხდება ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს წინმსწრებად, ეს არის რა თქმა უნდა, იზოლაციონიზმისკენ მიმავალი გზა“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, გოგი გეგეშიძის დირექტორობის პერიოდს იხსენებს.

„ახლა ვინ მედავება, გოგი გეგეშიძე. მედავება კომპანიისთვის ზიანის მიყენებას. მოდი ვნახოთ, რას შვებოდა გოგი გეგეშიძე თვითონ. ნუ მისი ცოლი მედავება. შევახსენებ მისი ქმრის დირექტორობის პერიოდს. 2009 წელს, გოგი გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში, ამ კომპანიის შემოსავალი იყო 25 მილიონი, 2010 იყო 47 მილიონი, მაგრამ ეს არის შენატანები კაპიტალში, იმიტომ რომ შენობა უნდა აშენებულიყო. 2011 წელს, 38 მილიონი, 2012 წელს, რაც მე დამხვდა, 31 მილიონი. გასავალი ყოველთვის უფრო მეტია. 2012-ში, როცა დამხვდა, იყო გასავალი მეტი, მაგრამ 2010 წელს, არის შემოსავალსა და გასავალს შორის პლუს 6 მილიონი, 2010 არის პლუს 10 მილიონი. ამ პერიოდში, ბატონი გოგი გეგეშიძეს ჰქონდა დაგროვილი დავალიანება საბიუჯეტო და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ იყო პლუსში. საგადასახადო შეთანხებით, გადასახადი 2010 წელს განულდა, განულდა 2012 წელსაც. აი ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე, რომელსაც 25 მილიონი გადასახადი გაუნულა სახელმწიფომ იმის გამო, რომ არ იხდიდა, მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც დახვდა სავალალო მდგომარეობაში კომპანია, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმოვარდა და არც კი არსებობდა პრაქტიკულად, ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს და არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წლის მეორე ნახევრიდან გაჩნდა ამ კომპანიაში, რეალურად ბუღალტერია, 2013 წლიდან დაიწყო ამ კომპანიამ ყველა გადასახადის გადახდა, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, და ამას აკეთებდა 2016 წლის სექტემბრამდე, ვიდრე სახელმწიფომ ეს სრულიად შეუძლებელი გახადა. 2015 წელს, როცა ამბობენ, რომ გაქრა 10 მილიონი, ჩვენი შემოსავალი იყო 39 მილიონი და ეს იყო რეკორდული თანხა. მერე დაიწყო დაღმასვლა, იმიტომ რომ მათ შორის ბატონი ბექაურის და „ქართული ოცნების“ დამსახურებით, სარეკლამო ბაზარი დაინგრა, ასევე გაჩნდა მეტი კონკურენცია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უბრალოდ ბევრი არხი გაჩნდა. ამიტომ, შემოსავლები „რუსთავი 2“-ის ამ პერიოდში, ყველა ტელევიზიაზე მაღალია, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიაზე, მათ შორის “იმედზე“ უფრო მაღალია. ჩვენ ვყიდით 65%-ს მთელი ბაზრისას და ტელეკომპანია „იმედისგან“ განსხვავებით, 15 მილიონს ჩვენ წელიწადში არ გვასხამენ“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

გვარამია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუწოდებს, კომპანიაში დროებითი მმართველის უკანონოდ რეგისტრაციისგან თავი შეიკავოს. გვარამია სთავაზობს მოდავე მხარეს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ის ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში.

„თუ ეს დავა არის ორ ბიზნესსუბიექტს შორის დავა, თუ აქ რეალური წინაპირობა არის ზიანის ანაზღაურება, ეს აბსურდია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს ნამდვილად ასეა, მე ვთავაზობ ქალბატონ ნიჟარაძეს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში. ვიდაოთ როგორც მხარეებმა იმ სასამართლოში, რომლისაც ორივე მხარეს გვჯერა. ჩვენ, „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს ცხადია არ ვენდობით, გვაქვს ამის გამოცდილება, გვაქვს გამოცდილებები და ზუსტად ვიცით, ეს რითიც დამთავრდება. თუ ნამდვილად, ეს არის დავა ორ ბიზნეს სუბიექტს შორის, ჩვენ ვთავაზობთ მოდავე მხარეს, შეიტანოს სარჩელი ნებისმიერ არბიტრაჟში, უნდათ საქართველოში შევქმნათ ჩვენთვის სანდო პირებისგან არბიტრაჟი, უნდათ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანონ სარჩელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენდობოდეთ იმ უწყებას, რომელიც ჩვენ დავას განიხილავს“, - აცხადებს ნიკა გვარამია.