ზესტაფონის მერია: ლევან ხაბეიშვილმა იცრუა, “ენმ” “გამწარებული მუშების თემით სპეკულირებს (ვიდეო) 

ზესტაფონის მერია: ლევან ხაბეიშვილმა იცრუა, “ენმ” “გამწარებული მუშების თემით სპეკულირებს (ვიდეო) 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ზესტაფონის ცენტრალური მოედნის ვიდეო გაავრცელა. “ენმ-ის” წევრის თქმით, ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან მუშები მათ მიერვე დაგებულ ქვაფენილს, რადგან ხელფასი არ გადაუხადეს.

“გინახავთ გამწარებული მუშა, რომელიც გაკეთებულს ანგრევს და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხელფასი არ გადაუხადეს⁉️ ეს ყველაფერი ხდება ზესტაფონის ცენტრში, დემონსტრაციულად და “ქართული ოცნების” ოფისის წინ. გაფლანგული 200 000 ლარზე მეტი და 8 თვის განმავლობაში დაუსრულებელი სამუშაოები”, – აღნიშნული იყო ხაბეიშვილის “ფეისბუქსტატუსში”.

​აღნიშნული საკითხის  გადასამოწმებლად “კვირა” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით მაღრაძეს დაუკავშირდა.

​როგორც ირკვევა, სკვერის ის ნაწილი, სადაც ფილაქანია აყრილი, მერიამ გადაწყვიტა, რომ მწვანე საფარით შეცვალოს.

​მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მაღრაძემ ,,კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, ოპოზიციას რაიმე ბრალდებების წაყენებამდე ფაქტები გადაემოწმებინა.

“ლევან ხაბეიშვილის მიერ ყოფილა ეს კადრები გავრცელებული და კარგი იქნებოდა, გადაემოწმებინათ, სინამდვილეში რა ხდება. ეს არის “ნაცმოძრაობის” ხელწერა. თუმცა სიმართლე სულ სხვაა. საუბარია 2 ლოკაციაზე –  პირველი არის ვიდეო, რომელიც შეეხება ცენტრალურ მოედანს, სადაც მუშები ფილაქანს ყრიან. ეს ფილები მათ ჩვენ ავაყრევინეთ, რადგან ის უხარისხო და პროექტთან შეუსაბამო იყო. აქ მომუშავე კომპანიასთან კი მერიამ რამდენიმე დღის წინ საერთოდ გაწყვიტა ხელშეკრულება, რადგან მან, გადავადების მიუხედავად, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

ხოლო რაც შეეხება საკათედრო ტაძრის წინ მდებარე სკვერის ნაწილს, სადაც ფილებია აყრილი – ეს, ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებაა. ის მთლიანად უნდა ავიღოთ და მწვანე საფარით ჩავანაცვლოთ, რასაც ჩვენი  კეთილმოწყობის სამსახური გააკეთებს და მასზე დამატებითი თანხები არ გამოიყოფა”, – განაცხადა დავით მაღრაძემ და დაამატა, რომ იგივე სახის რეკონსტრუქცია აღმაშენებლის ქუჩაზე კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარდება.

“კვირამ” ცენტრალურ მოედანზე მომუშავე ფირმა ,,ნიკარემსტროსთან” დაკავშირება სცადა. სამუშაოების მწარმოებელმა, ზაზა ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ ფილები ცენტრალურ მოედანზე სწორედ იმის გამო აყარეს, რომ ის მონიტორინგის სამსახურმა დაიწუნა.

“ხელფასების ნაწილ თანამშრომლებს სრულად აქვს აღებული, ნაწილს კი – სანახევროდ. თუმცა ინფორმაცია, რომ მუშებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, უხელფასობის გამო აყარეს ფილები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვადასტურებ, რომ ფილების ხარისხი დაგვიწუნეს. პროექტში მოცემული იყო ზომა 10 X 10 X 10, ზოგი აღმოჩნდა დეფექტიანი და აგვაყრევინეს. ეს არის სინამდვილე”, – განაცხადა ზაზა ჩუბინიძემ.