„გადასარევი ბიჭია" - "ქართული ოცნების" წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება. თენგიზ ხუბულური მიესალმება ფიცხელაურის სუს-ში დანიშვნას, რადგან ის პროფესიონალი კადრია.
შენგელი ფიცხელაურს ძალოვან უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1976 წლიდან ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში სხვადასხვა პოზიციებზე. 1991 წლიდან ფიცხელაურმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა. იყო ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. შენგელი ფიცხელაურს შევარდნაძის მთავრობის დროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ის ასევე არის სპორტსმენი ძიუდოისტი.