ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ექსტრემისტული ჯგუფის, “ისლამური სახელწიფოს” ლიდერი ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა.
ვიდეო 29 აპრილს”ისლამური სახელმწიფოს” მედიასაშუალება ალ-ფურყანმა გაავრცელა. მასზე ჩანს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც ზის იატაკზე, ერყდნობა კედელს, აცვია შავი სამოსელი, ჟილეტი, კედელზე ავტომატია მიყუდებული.
ვიდეოში მის ლაპარაკს სამი ნიღბიანი მამაკაცი უსმენს.
ბაღდადი საუბრობს ნელი ტემპით და პაუზებით, აცხადებს, რომ “ისლამური სახელმწიფო” სამაგიეროს გადაიხდის მისი მებრძოლების სიკვდილის და დაპატიმრებისთვის. ამასთან, მისივე თქმით, დასავლეთის წინააღმდეგ მისი ჯგუფის ოპერაციები “ხანგრძლივ ბრძოლას” წარმოადგენს.
29 აპრილს გავრცელებული, 18 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს ავთენტურობა და გადაღების თარიღი დაზუსტებული არ არის. ექსტრემისტი ლიდერის დაკავებას ერაყის და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები ცდილობენ.
ალ-ბაღდადი ლაპარაკობს შრი-ლანკაზე ახლახან მომხდარ თავდასხმებზეც, რომლებსაც 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ამბობს, რომ ეს შურისძიების ნაწილი იყო.
ბოლო წლებში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობები ალ-ბაღდადის სიკვდილის თუ დაჭრის შესახებ.
ამ დრომდე 47 წლის ალ-ბაღდადი უკანასკნელად გამოჩნდა 2014 წელს, ალ-ნურის მეჩეთში ქადაგებისას ერაყის ქალაქ მოსულში, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ძალებმა დაიკავეს ერაყის და სირიის დიდძალი ტერიტორიების დაპყრობის პერიოდში. სწორედ იმ გამოსვლაში განაცხადა მან “ისლამური სახალიფოს” შექმნის თაობაზე.