გთხოვთ არ შევყვეთ ამ გამაოგნებელ უზნეობას, არავინ ვიცით რამ უბიძგა პატარა ბიჭს ასეთი სასოწარკვეთილი საქციელისკენ

გთხოვთ არ შევყვეთ ამ გამაოგნებელ უზნეობას, არავინ ვიცით რამ უბიძგა პატარა ბიჭს ასეთი სასოწარკვეთილი საქციელისკენ

ჟურნალისტი სალომე ასათიანი მარტვილში, 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ამბავს ეხმიანება.

“გთხოვთ არ შევყვეთ ამ გამაოგნებელ უზნეობას და სპეკულაციებს იმის თაობაზე, “მართლა” შიმშილის გამო მოიკლა თუ არა თავი მოზარდმა ბიჭმა. პოლიტიზებული ძალების თუ მედიის მიერ ტრაგედიებით ჟონგლიორობის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ეს მგონი უკვე ახალი მწვერვალია. უარი ვთქვათ ამ განხილვაზე. ესაა ერთადერთი გზა. არავინ ვიცით მართლა რა მოხდა და კონკრეტულად რამ უბიძგა პატარა ბიჭს ასეთი სასოწარკვეთილი საქციელისკენ. ამაზე მარჩიელობა და სკანდალის აგორება ძალიან მძიმე საყურებელია.

მაგრამ ის კი უნდა გვახსოვდეს, რომ სიღარიბე მხოლოდ სიღარიბეს არ ნიშნავს. სიღარიბე ნიშნავს მუდმივ სტრესს და ძალიან ბევრ ემოციურ პრობლემას – მათ შორის შფოთვას, დეპრესიას, დაბალ თვითშეფასებას, სირცხვილის განცდას, გარიყულობის განცდას, ჯანმრთელობის შერყევას. დიდებისთვისაც, პატარებისთვისაც, მშობლებისთვისაც და შვილებისთვისაც. მასობრივ და ღრმა სიღარიბეს მძიმე და გრძელვადიანი შედეგები აქვს, მთელი საზოგადოებისთვის. ცხადია ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და სირთულეებიც მათზე განსხვავებულად აისახება, მაგრამ უკიდურესი სიღარიბე დიდი და ხშირად წარუშლელი დაღია ხოლმე. ესაა ფაქტი.

ასეთი დაღით ჩვენში სულ მცირე ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს. ეს ნამდვილად ვიცით, სკანდალური ტელენიუსებით ხმალაობის გარეშეც. და ამაზე დიდი, მწვავე და სასტიკი პრობლემა დღეს არ არსებობს.”– წერს სალომე ასათიანი.