“დანიშნეთ “ზეცის პრეზიდენტად”… რა გენაღვლებათ, იფრინოს ღრუბელ-ღრუბელ…”

“დანიშნეთ “ზეცის პრეზიდენტად”… რა გენაღვლებათ, იფრინოს ღრუბელ-ღრუბელ…”

საქართველოს ექს პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უკრაინაში დაბრუნების იმედი გაუჩნდა, ქვეყანაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრეს.

ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის კანონიერი უფლება არ გააჩნია.

„აღნიშნული პირი 2017 წლის სექტემბერში პოლონეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რაც ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების მიერ დასტურდება“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააკაშვილის მიმართ ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მას უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე ეკრძალება.

შესაბამის ინფორმაციას თავად სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა:

„სანამ პოროშენკო პრეზიდენტია, სასაზღვრო სამსახურიდან სხვა პასუხს არ ველოდებოდი. არაუშავს, მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, ცოტას კიდევ დავიცდი“,- დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

21 აპრილს, უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად გამარჯვება ვლადიმირ ზელენსკიმ მოიპოვა, თუმცა ზელენსკი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება.

რაც შეეხება ზელენსკის პოზიციას სააკაშვილთან დაკავშირებით, 22 აპრილს მის შტაბში განაცხადეს, რომ ოდესის ყოფილმა გუბენატორმა უკრაინაში შესვლის ნებართვაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ეს საკითხი სატელეფონო ზარით არ უნდა წყდებოდეს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ამერიკის შეერთებულ შტატებში წამება კანონით არის აკრძალული. ამიტომ, სხვადასხვა ჯურის ტერორისტებისთვის, სპეცსამსახურებს ჰყავთ სპეციალური თვითმფრინავი, რომელშიც ჩასვამენ მოხელთებულ ტერორისტს და “ამღერებენ ნოტებზე”. მერე რომელიმე სტრატეგიული მონა-ქვეყნის ტერიტორიაზე აბამენ ძაღლივით. არა – ღორივით.

ბალტიისპირეთის ერთ-ერთი სტრატეგიული მონა-ქვეყნის ტერიტორიაზეც უნდოდათ ასეთი სტრატეგიული ციხის აშენება და მაშინდელი პრეზიდენტი არ დათანხმდა. 6 თვეში ის პრეზიდენტი გაისტუმრეს იმპიჩმენტით და ციხეც ააშენეს.

ახლა ეს ყველაფერი რატომ გამახსენდა:

არც ერთი სახელმწიფო მოქალაქეობას არ აძლევს, მათ შორის, – აშშ-ც. ჰოდა, გამოუყავით ამ ავადმყოფ სააკაშვილს აბონემენტი ყველა რეისის თვითმფრინავზე და დანიშნეთ “ზეცის პრეზიდენტად”. რა გენაღვლებათ, იფრინოს ღრუბელ-ღრუბელ. თან ამბიციასაც დაიკმაყოფილებს”, – წერს მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.