პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო გამოძიება დამაჯერებელ შედეგს კვალვ ვერ დებს. ფრანგი პროკურორები ყველაზე რეალურ ვერსიად დენის მოკლე ჩართვას მიიჩნევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ტაძრის 40-მდე თანამშრომელი უკვე გამოიკითხა. ამავე დროს, ტაძრის აღსადგენად უკვე შეგროვდა, არც მეტი არც ნაკლები, 900 მილიონი.
ხანძრის გაჩენის დროს ნოტრ-დამის ტაძარში რეკონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობდა და, ჯერჯერობით ცეცხლის გაჩენის მთავარ მიზეზად შემთხვევითობა მიიჩნევა, რომელმაც 850-წლიანი შედევრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა მანამ, სანამ 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ ცეცხლს ჩააქრობდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის 400 მეხანძრე, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას 12 საათის განმავლობაში ცდილობდა და რომლებმაც მსოფლიო კულტურული ძეგლი სრული განადგურებისგან იხსნეს, სიმამაცისა და თავგანწირვისთვის, მედლებით დაჯილდოვდებიან.
ხანძრის დროს ტაძარში არსებული რამდენიმე ისტორიული ძეგლი და სიწმინდე უვნებლად გადარჩა, მაგრამ დანარჩენების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ნოტრ-დამის ტაძარში ინახებოდა ჯვრის ნაწილი, რომელიც, ტაძრის მესვეურთა მტკიცებით, სწორედ ის ჯვარია, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს და ლურსმნები, რომლითაც რომაელებმა მაცხოვარი ჯვარს აცვეს; რაც შეეხება ქრისტეს ეკლის გვირგვინს, ის ლუვრის მუზეუმში გადააბრძანეს, სადაც საბოლოოდ, რესტავრაციაც ჩაუტარდება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხანძარს გადაურჩა ტაძრის კედლები და ხელოვნების ნიმუშთა 30%, თუმცა ხის სტრუქტურის მთლიანი ნაწილი და გუმბათი საბოლოოდ განადგურებულია.
მსოფლიო შედევრის აღსადგენად, შემოწირულობა ყველა ქვეყნიდან შეგროვდა და ბოლო მონაცემებით, ის 904 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა, ექსპერტები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს ტაძრის აღდგენილი დიზაინი, იგივე, როგორიც დაწვამდე იყო თუ განახლებული? ისინი მსჯელობენ იმის შესახებ, უნდა ეტყობოდეს თუ არა იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობას ოცდამეერთე საუკუნის ნიშანი თუ დარჩეს გოთიკური სტილის შედევრად, რომელიც ყველა მნახველის აღფრთოვანებას იწვევდა.