ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა და განაცხადა, რომ საპატრიარქოში ბრუნდება.
“რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა.
ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა… პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები და უმაღლესი დონის შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეალური დამცავი ფარია, ჩემთვის ჩვეული და სასიამოვნო გამოწვევა იყო. ყველა ვიზიტის დროს სახელმწიფო მეთაური აჟღერებდა იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტისთვის სისხლნარევი ცრემლით ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მუხლჩაუხრელი სულიერი მამა.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.
ჩემს მეგობრებს კარგად გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მე გადავსულიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ წერილს დავურთე ჩემი
“განცხადებისმაგიერი” ღია მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. მისმა უწმიდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა – გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ.
ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან.
ახალი დავალებაც გვაქვს – ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს.
მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.
დიდი სოლომონ ბრძენის, ღვთისგან თავმდაბლად თხოვნის შედეგად მიღებულ გონიერ გულს გისურვებთ ყოველ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში მრავალგზის ცილწამებულო, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა დაბრკოლებაზე მაღლა მდგომო პრეზიდენტო, რათა გაარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი და თქვენი სახელმწიფოს მეთაურობით, ოთხი დღის უიმედოდ დატირებული ლაზარესავით აღდგეს საქართველოს დიდება და ჩვენი საზოგადოების თითოულმა წევრმა იგრძნოს სიკეთე პირველი ქალი პრეზიდენტის მეთაურობის, რათა ისრაელის კიდევ ერთი წმიდა დიდი მეფე დავითის დარად ერთსულვნად, თქვენი თაოსნობით გვეთქვას – “უფალი მეფობს”! – წერს ლაშა ჟვანია.