“საფრთხე გვემუქრება...დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები

“საფრთხე გვემუქრება...დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები" - საქართველოში მყოფი საუდელი დები დახმარებას ითხოვენ

საუდელი დები დახმარებას ითხოვენ, ისინი საქართველოში იმყოფებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამშობლოში დაბრუნდებიან შესაძლოა მოკლან.

დები საუდის არაბეთიდან, მაჰა ალ სუბაე (28 წლის) და ვაფა ალ სუბაე (25 წლის), მშობლიური ქვეყნიდან ულტრა-კონსერვატიულ წესებსა და გენდერულ დისკრიმინაციას გამოექცნენ.

მათ სოციალურ ქსელ Twitter- ზე შექმნეს ანგარიში, სახელად Georgiasisters, სადაც აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

დები ამ წუთას საქართველოში იმყოფებიან. მათ მოსაძებნად მამა და ძმა არიან ჩამოსული. ახალგაზრდა ქალების განმარტებით, მათ საფრთხე, პირველ რიგში, სწორედ ოჯახის წევრი მამაკაცებისგან ემუქრებათ. საუდის არაბეთის მთავრობამ მათ პასპორტებს ძალა შეუჩერა და დები საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებენ.

დები მიმართავენ სრულიად საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა იმ ქვეყანას, სადაც ქალთა უფლებები დაცულია, რომ შეიფარონ და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.

მაჰა და ვაფა სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებსაც ავრცელებენ წარწერით: „ეს ჩვენ ვართ, დაიმახსოვრეთ ჩვენი სახეები, რადგან შესაძლოა რამე შეგვემთხვას და მომავალში გემახსოვრებათ, რომ დაეხმაროთ სხვა გოგონებს საუდის არაბეთიდან."

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.