უცბად მომინდა ბიძინა ივანიშვილისთვის მეთქვა…

უცბად მომინდა ბიძინა ივანიშვილისთვის მეთქვა…

მანჩო გიორგობიანის პოსტი სოციალურ ქსელში.

“მთელი მსოფლიო განიცდის, ყოველი შემთხვევისთვის, ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ძალიან სამწუხაროა, ნოტრ- დამი, პარიზის ღვთსმშობლის ტაძარი ხანძარს ემსხვერპლა… ყველასთან ერთად, მეც ძალიან ვწუხვარ, ყველაფერს ვკითხულობ და ვხედავ როგორ განიცდიან ადამიანები ყველა მისხალს, შიშმა როგორ აგვიტანა და ამავდროულად, როგორი სიხარულით ვხვდებით უნიკალური არტეფაქტების გადარჩენას , თან შიშნარევი ფიქრები აქეთ -იქეთ მატარებს, … ყველა ყველაფერზე ვფიქრობთ, ვადარებთ და ვდარდობთ…

ამიტომ, ამ წუთას, სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას — მილიარდერი ფრანგების შემოწირულობებზე დიდი აღფრთოვანებით და სიხარულით ლაპარაკობს მთელი მსოფლიო და მათთან ერთად, სრულიად საქართველოც – მედია , სოციალური ქსელები , ერი და ბერი… და რა თქმა უნდა , მეც ვუერთდები და მოვიწონე ეს ყველაფერი, მაგრამ…

ამ საკითხმა მაინც შემაფიქრიანა, თვალში მეცა კოლოსალური განსხვავება ფრანგ და ქართველ მეცენატებში… მაინც ადამიანი ვარ, ყველაფერი შედარებითია… გონებაში გადავთვალე – გადმოვთვალე, თუ როგორც არის და ჩემთვის დავასკვენი — სხვებთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილი, ნამდვილად ღმერთის საჩუქარია ჩემთვის და ჩემი სამშობლოსთვის… თუ გნებავთ ჩვენთვის, თქვენთვისაც … რა ვიცი, ყველამ თავისი თქვას , სხვის მაგივრად არ მინდა ვილაპარაკო..

არავის გახვევთ ჩემს აზრს, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ…

ცხოვრებაში არავისთვის დამითვლია ფული, მით უმეტეს , როდესაც საქმე სიკეთის კეთებას ეხება, არ მითქვამს, რატომ “ამის მაგივრად, ის არ გააკეთა”, ან “რაღა აქ ჩადო, სხვაგან ჩაედო”… ოღონდ ვინმემ რამე გააკეთოს და რა ჩემი დასათვლელია, ადამიანი საკუთარ ფულს “როგორ და რანაირ სიკეთეს” მოახმარს, სიკეთე სიკეთეა.. მაგრამ რაღა დაგიმალოთ და რაღაცნაირად თვალში მომხვდა,  რომ 90 მილიარდის მფლობელმა, ფრანგმა ბერნარ არნომ მხოლოდ 200 მილიონი ევრო გასცა საფრანგეთის სიამაყის , პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად, ხოლო 9 მილიარდის მფლობელმა ანრი პინომ მხოლოდ 100 მილიონი… მსოფლიო აღტაცებულია, მე კი, ერთ უბრალო ქართველს , რა ვქნა, თვალს მეცა და მეცოტავა , …. ისინი ხომ ივანიშვილზე ბევრად მდიდრები არიან , ასე ცოტა? გამკრა ფიქრმა…

დანარჩენ მილიარდერ ფრანგებზე შემოწირულობებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მომავალი გვაჩვენებს…

გავყევი ფიქრებს, რას იზამდა და რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი?..

ეს ადამიანი , რომელსაც ფრანგზე ბერნარ არნოზე 10-ჯერ ნაკლები აქვს, ასეულობით მილიონს კი არა, მილიარდებს ახარჯავს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რესტავრაცია- რეკონსტრუქციებს და მათ მოვლა-პატრონობას .. ჩემთვის სიმართლეა ის, რომ რეალურად გადაარჩინა უნიკალური ძეგლები, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას , კიდევ ათეულობით წელი არ ექნებოდა, მთელი ერიც რომ გავერთიანებულიყავით, ფონდიც შეგვექმნა, საკუთარი ჯიბიდანაც გაგვეღო და მაინც, ალბათ, 100 წელი არ გვეყოფოდა ამ ყველაფრისთვის ..

მხედველობაში მაქვს მხოლოდ ისტორიული “ობიექტები” -ეკლესია – მონასტრები , მუზეუმები, თეატრები, ოპერა, სახლ-მუზეუმები, მუცო, ვარძია , ფიროსმანის ნახატები საჩუქრად საქართველოს და ა.შ.. რამდენი ასობით ასი და ორასობოთ ორასი მილიონი დაიხარჯა… ახალ ობიექტებზე და პროექტებზე დახარჯულ და დასახარჯ მილიარდზე აღარ ვლაპარაკობ, ძალიან შორს წაგვიყვანს და თემასაც არ მინდა ავცდე .. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გაფიქრებაც კი მზარავს, თუ რა ელოდა ისედაც სავალალო მდგონარეობაში მყოფ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, თუ არ ვცდები, 500-ზე მეტი მხოლოდ ეკლესია-მონასტერია (ახლებს არ ვთვლი), უნიკალური ფრესკებით…. და მაინც ფრანგებს ვუბრუნდები , ნოტრ-დამისთვის მილიარდერებისგან 200 და 100 მილიონი გამიკვირდა.. და ბიძინასგან ისე ვიღებ ჩემი ქვეყნის უნიკალური ძეგლების გადარჩენას, ხშირად მადლობასაც არ ვუხდი…

თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოში რომ მსგავსი ტრაგედია მომხდარიყო, ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი უკან არაფერზე დაიხევდნენ და ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის კისერზე და ჯიბის იმედად ნამდვილად არ გადაატარებდნენ სამშობლოსთვის ასეთ ტრაგიკულ მოვლენას და მასთან დაკავშირებულ უზარმაზარ ხარჯებს… ისე აპირებდა ბადრი პატარკაციშვილი ასობოთ მილიონად ჯვრის მონასტრის გამოსყიდვას, კაცი -სულიერი არ შეუწუხებია… არ დასცალდა სამწუხაროდ.

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო, ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან ბევრი ფრანგი გაიღებს თანხას და ღმერთმა ხელი მოუმართოთ … ვფიქრობ , მთელი მსოფლიო ჩაერთვება ამ კამპანიაში..

ისე, მე თუ მკითხავთ, მთელმა მსოფლიომ უნდა მიიღოს მონაწილეობა და მათ შორის , თუ შესაძლებლობა იქნება, ქართველმა ბიზნესმენებმაც… ნუ დავძრახავთ მათ ამისთვის პირადად მე, ვიტყოდი, რომ ასეთი საქციელი მისასალმებელია … დიახ, ისტორიული მემკვიდრეობაც საზრდოა , სულიერების საზრდო , ერის ძალა და ღირსებაა… ვაცადოთ ადამიანებს სიკეთის კეთება, ნუ ჩავაშხამებთ… ხომ შეიძლება , რომ ყველანაირ სიკეთეს დავუკრათ ტაში, მით უმეტეს , როდესაც ამას საკუთარ ხარჯზე აკეთებენ ? ფრანგებს ხომ მივუძღვენით აპლოდისმენტები?!..

თხოვნა მაქვს, პოსტს თემას ნუ შევუცვლით .პოლიტიკას არ ვეხები, ბევრ შეცდომებს უშვებს “ქართული ოცნება ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფოს მართვაში თუმცა, ძალიან ბევრი კარგი რამეც კეთდება, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

დღეს, ნოტრ-დამზე მწუხარების და შფოთვის ფონზე, თავში რომ გამიელვა, მსგავსისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული…. და უცბად მომინდა ბიძინა ივანიშვილისთვის მეთქვა, მეიმედები – მადლობა ღმერთს, რომ არსებობ! პირადად მე და ჩემი შთამომავლობა საუკუნეები ვერ ამოვალთ შენი ვალიდან… დიდი მადლობა, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის გასაკეთებელსაც შენ აკეთებ, უვლი, აცოცხლებ და უნახავ შთამომავლობას , სრულიად საქართველოს!..

p.s. “ბიძინა ათასჯერ ამოიღებს , რაც დახარჯა” ხალხისთვის , იქვე მიმითითეთ ხოლმე, ტრილიონს საიდან ამოიღებს ამ დაფლეთილ, გაღატაკებულ და ნაწამებ ქვეყანანაში…”– წერს მანჩო გიორგობიანი.