შალვა შავგულიძის განმარტება: რატომ არ გასაჩივრდა გირგვლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოში

შალვა შავგულიძის განმარტება: რატომ არ გასაჩივრდა გირგვლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოში

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ გაასაჩივრა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში. ამის შესახებ მან გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში განაცხადა.

შალვა შავგულიძის განცხადებით, მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულს კანონით უფლება არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოსთვის მოეთხოვა არც საქმის უკან, გამოძიებაში დაბრუნება და არც კვალიფიკაციის შეცვლა-დამძიმება. მისი განმარტებით, დაზარალებულს შეეძლო მხოლოდ მოეთხოვა განაჩენით მინიჭებული იმ კვალიფიკაციის ფარგლებში სასჯელის ზომის გამკაცრება:

"მაგრამ დაზარალებულის ინტერესში არ შედიოდა იმ ოთხი მსჯავრდებულის ორი წლით მეტი ექნებოდა მისჯილი თუ არა. დაზარალებულის ინტერესში შედიოდა ის, რომ იმ მსჯავრდებულების ქმედებას მისცემოდა სწორი კვალიფიკაცია, ვინაიდან იყო დაკვალიფიცირებული სხეულის დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი, სინამდვილეში კი ჩვენ ვიცოდით, რომ იქ იყო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. ანუ დაზარალებულის ინტერესი იყო სწორი კვალიფიკაცია, და მეორე გვინდოდა რომ ამ დანაშაულში თანამონაწილე ყველა პირი ყოფილიყო მხილებული. ამისთვის საჭირო იყო საქმის უკან დაბრუნება. მაგრამ ჩვენ ვერც კვალიფიკაციის შეცვლას მოვითხოვდით, ვერც გამოძიებაში საქმის უკან დაბრუნებას მოვითხოვდით, ჩვენ რომ მოგვეთხოვა მხოლოდ სასჯელის ნაწილში დამძიმება და ეს რომ დაეკმაყოფილებინა სასამართლოს მოხდება შემდეგი რამ - მე ვეღარ გავასაჩივრებდი ვერც საკასაციო ინსტანციაში, ვეღარ მივმართავდი ვერც ევროპული სასამართლოს, და გირგვლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოში დამთავრდებოდა", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.