„საქართველოსა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ამ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეულწილად კონტრაქტები შესუსტდეს, რასაც ადგილი ჰქონდა პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
„რაც სააკაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, მხოლოდ მას შემდეგ განხორცეილდა პრეზიდენტ პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში,“ - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის, თუკი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გახდა.
ზელენსკიმ არჩევნების პირველი ტურის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა დაუბრუნონ და მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრაქტიკულად, სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა დააანონსა.
იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გახდება, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში?
ჩიტაძე არ გამორიცხვას ზელენსკისა და სააკაშვილს შორის გარკვეული გარიგების დადებას. იგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დანიშვნით საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა, ოფიციალური პირების დონეზე, შეიძლება შესუსტდეს, თუმცა, მისი თქმით, ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა შენარჩუნდება.
„ამ შემთხვევაში შესაძლებელია სააკაშვილი თანამდებობაზე დანიშნონ, რამაც შესაძლოა გარკვეული გავლენა ჩვენ ურთიერთობებზე მოახდინოს. თუმცა საქმე არ არის მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებს შორის ურთიერთობებზე, რადგანაც ვიცით, რომ უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ამ ყველაფერს კი კერძო კომპანიები ახორციელებენ.
„სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის იქნება შენარჩუნებული. დასავლეთის ქვეყნები ეცდებიან, რომ ყველაფრის მიუხედავად, კონტაქტები უკრაინისა და საქართველოს შორის, როგორმე იქნას შენარჩუნებული.
„ყველაფერია მოსალოდნელი - ზელენსკი დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, სააკაშვილმა შეიძლება დაიკავოს თანამდებობა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება რეფორმატორთა გუნდი. ალბათ, ზელენსკი აცნობიერებს იმას, რომ თავად არ გააჩნია დიდი გამოცდილება პოლიტიკურ სფეროში მოღვაწეობისა. შესაძლებელია, რომ გარკვეული გარიგება ზელენსკისა და სააკაშვილს შორის შედგეს,“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ცნობისათვის, ბოლო გამოკითხვის თანახმად, ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეიტინგში 47%-ით უსწრებს. გამოკითხვა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ არის ჩატარებული.
შედეგების თანახმად, ზელენსკის მხარს რესპონდენტთა 72.2% უჭერს, ხოლო პოროშენკოს - 25.4%. გამოკითხულთა 2.4%-მა განაცხადა, რომ არჩევნებზე მივლენ, რათა ბიულეტენი გააფუჭონ.
გამოკითხვა 9-დან 14 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა უკრაინის რეგიონების 129 დასახლებულ პუნქტში 2004 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება კი 3.3%-ს არ აღემატება.
შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.