„კარდაკარ დავდივარ ქუჩებში, კონკრეტულ ოჯახებში არ მივდივარ, ჩემი შეხვედრები დახურული არ არის. რამდენიმე ოჯახში ნამდვილად შევედი, კონკრეტულად იქ, სადაც განსაკუთრებული სიტუაციაა, მძიმე ავადმყოფია და გადაადგილება უჭირთ”, – ასე უპასუხა ზუგდიდის მერობის “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა, სანდრა ელისაბედ რულოვსმა მის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას, რომ ის სოფლებში მხოლოდ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს ხვდება და რიგით მოსახლეობას გაურბის.
სანდრა ელისაბედ რულოვსი საარჩევნო კამპანიას რომ მეტად თავისებურად წარმართავს, ეს “კვირას” მოპოვებული მასალებიდანაც ირკვევა. ის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩადის, საკუთარი მხარდამჭერების საცხოვრებელ სახლებში რჩება და შეხვედრებს მხოლოდ ოპოზიციურ არხებს აშუქებინებს, რითაც ქმნის ფონს, თითქოს, რეგიონის ყველა სოფელში სიხარულით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სოფელ ნარაზენის მოსახლეობამაც დაუდასტურა, სადაც ოპოზიციის კანდიდატი უკვე იმყოფებოდა.
სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ რულოვსი მათ არ შეხვედრია, მხოლოდ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერ ერთ ოჯახში იყო მისული. შესაბამისად, კანდიდატის საარჩევნო პროგრამას ისინი არ იცნობენ.
ის, რომ რულოვსი ხალხთან შეხვედრებს გაურბის, “ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისშიც დაგვიდასტურეს. გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატს მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ეშინია, რადგან ადგილობრივები მას „ნაცმოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულების გამო, ხშირად, მწვავედ საყვედურობენ.