როგორც ეხმაურება ანუკი არეშიძე ნოტრ-დამის ხანძარს

როგორც ეხმაურება ანუკი არეშიძე ნოტრ-დამის ხანძარს

დიზაინერი, თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე, ნოტრ-დამის ხანძარს ინსტაგრამზე ეხმაურება.

ანუკი არეშიძემ ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ- ერთ კომენტარში არეშიძე აღნიშნავს:

“წამებში ამხელა ისტორია, ქრისტიანული ევროპის მთავარი სიმბოლო, უძველესი ძეგლი ვიღაცის დაუდევრობით განადგურდა” –  დაწერა ანუკი არეშიძემ.

გუშინ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ადგილობრივი დროით 18:50 საათზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა გაანადგურა ფერადი ვიტრაჟები და ხის ინტერიერი. ასობით ადამიანის თვალწინ ჩამოინგრა ტაძრის კოშკი. ხანძარს გადაურჩა დასავლეთ ფასადის ორი კოშკი. მაშველებმა მოასწრეს რელიგიური სიწმინდეების გამოტანა. განადგურებას გადაურჩა მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და საფრანგეთის მეფის ლუი მეცხრეს მოსასხამი, რომელიც მას პარიზში გვირგვინის ჩატანისას ეცვა.

პარიზელები ტაძრის სიახლოვიდან ადევნებდნენ თვალს როგორ ნადგურდებოდა ეროვნული საგანძური. ისინი ემოციას საგალობლების შესრულებით გამოხატავდნენ. გლოვის ნიშნად ქალაქის ყველა ტაძარში ზარები დარეკეს.  მომხდარს ეროვნული ტრაგედია უწოდა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ღვთისმშობლის ტაძართან პრემიერთან ერთად მივიდა. პრეზიდენტი მოსახლეობას დაპირდა, რომ ისტორიულ ძეგლი სრულად აღდგება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩამქრალია.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი წინასწარ განზრახული არ იყო.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.