ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალური ქსელში დედაენის დღესთან ადკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წლების წინ მომხდარ ისტორიას იხსსენებს .
“აღდგომა მოდიოდა. ჭავჭავაძის გამზირის 2 ნომერში ვიყავი ბებია- ბაბუასთან. ეს სახლი დღესაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ დგას. აივანზე შესაღებად გამზადებული კვერცხები ფრიალა თასში იყო ჩაწყობილი. ბებია კულიჩების დასაცხობად ცომს ამზადებდა. კარდამონის, ვანილის, მუსკატის საოცარი სურნელი ტრიალებდა.
ბაბუა, ქარხნის დირექტორი და პოლიტბიუროს წევრი, რატომღაც ამ ფაქტს არ აპროტესტებდა. ალბათ, უკვე აღარ იჭერდნენ წითელი კვერცხების გამო ადამიანებს… არც პარტიიდან რიცხავდნენ… არ ვიცი, არასოდეს მიკითხავს.
ენას გვართმევენ! კონსტიტუციაში ჩანაწერს ცვლიან! ქართული აღარ იქნება სახელმწიფო ენა! – აივნზე აღწევდა “რუპორით” გავრცელებული ეს ფრაზები. მეხის გავარდნა?!… თავზარის დაცემა?!… უბედურების განცდა?! არ ვიცი, სკოლის მოსწავლე ვიყავი და ბოლომდე ვერც გავიაზრე რას განვიცდიდი.
– კუწო, (ასე ვეძახდით ბაბუას) რა ხდება?- ვკითხე პიოტრ გიორგიერვიჩს.
– იდრენა მაწ, სულ გაგიჟდნენ, წამო ჩავიდეთ – მითხრა კუწომ და ინსტიქტურად, ერთი კვერცხი მილიციის მანქანას ესროლა. ახლა, როდესაც წლები გავიდა, ამ ფაქტზე მეცინება. მაშინ, ის ჩემთვის გმირი იყო! ტანმორჩილი, “გაპრიულ- გაწკიპული”, ძალიან ლამაზი, ქერჩის ბრძოლების მონაწილე, უთბილესი და უსაყვარლესი – ჩემი კუწო! ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე ვიცოდი, რომ ის ჩემი ნამდვილი ბაბუა არ იყო… დედა, ბებიას შვილი იყო პირველი ქმრისგან – არტემ გრძელიძისგან. უკვე “გაიასნებული” მქონდა ბაბუასთან, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარდი და ჩემი ფასი დედამიწაზე არავინ არ ყავდა.
ასე დაიწყო ჩემი წილი 14 აპრილი.
მეორე დღეს ლექსი დავწერე. ჩემი პირველი და უკანასკნელი ლექსი სამშობლოზე. მაპატიეთ, დიდი ვერაფერია, მაგრამ რაც ვთქვი, გულით ვთქვი და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ამ სიყვარულში!
“ჯერ სამაგისო რა გვემართება, რომ
განვისყიდოთ თავისუფლება”
სოლომონ ლიონიძე
ნეტარ შენს ენას, ბრძენო კაცო, ნეტარ შენს აზრებს!
ჭკვიანი, არვინ რუსს არასდროს გაუღებს კარებს
თათარ – მოღოლთა უღელივით დაგვაწვა მხრებზე,
ერეკლეს ზრუნვა საყვარელ ერზე.
ჭინჭველასავით იჭყლიტება ერთ დროს ამაყი
ერი დავითის, ერი თამარის.
სიტყვა ქართული ვერ გვითქვია რიხით, ამაყად,
თუ რამეს ვიტყვით, მასაც ვამბობთ იგავ – არაკად.
როდემდე იყოს ძილდამფრთხალი ქართველი ერი?!
რას მეტყვის მრევლი?…
ხათუნა ხოფერია
მოკლედ, დავწერე, “კალკის” ქაღალდით გადავამრავლე, ხელიც მოვაწერე და გავავრცელე. მერე, დირექტორთან – დიტო შალამბერიძესთან – დამიბარეს… ვიღაც უცნობი მოჭუტული თვალებით მიყურებდა… დირექტორმა, ეტყობა, ჩაფარცხა ამბავი… ნათელი მის სულს! ძალიან მიყვარდა და ზუსტად ვიცოდი, რომ მასაც ვუყვარდი. ერთი კი მითხრა: – ხოფერია, როდემდე უნდა წველო ჩემი ნერვები მეწველი ძროხასავითო…- და შუბლზე მაკოცა!
დედაენის დღეს გილოცავთ!
ენა დავითის და ენა თამარის არ მოგვიშალოს ღმერთმა!
იაკობ გოგებაშვილის სიყვარულით ესწავლოს ჩვენს მონაგარს სიტყვა ქართული!
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!…”- წერს ხათუნა ხოფერია.