განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი” სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, გირგვლიანების ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, რომელიც მთაწმინდის ოლქში “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” სახელით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა, რაც საბოლოოდ მაშინდელმა პროკურატურამ გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა შავგულიძე ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ შავგულიძე სარგებლობს იმით, რომ საზოგადოება იურიდიულ ნიუანსებში ვერ ერკვევა.
„პირველ ინსტანციაში იყო გამოტანილი განაჩენი 7 და 8 წელი მიესაჯათ, შემდეგ პრეტენზიის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შავგულიძემ არ გაასაჩივრა ეს სააპელაციოში, გაასაჩივრა პროკურატურამ. კითხვა არ ჩნდება, რატომ არ გაასაჩივრა? პოლიტიკაში რომ ხარ, არ შეიძლება შუბლის ძარღვი გაიწყვიტო, გათვლა აქვს შავგულიძეს იმაზე, რომ საზოგადოება ვერ ერკვევა იურიდიულ ნიუანსებში. შავგულიძემ თქვა ტყუილი. შავგულიძემ ისეთი რამ გააკეთა, რომ პრაქტიკულად სპობდა სარჩელის სტრასბურგში წაღების შესაძლებლობას. გირგვლიანის საქმის ჩაბრუნების შანსი სააპელაციოში მურუსიძეს მოუსპო იმან, რომ შავგულიძემ არ გაასაჩივრა საქმე აპელაციაში“,– განაცხადა კობახიძემ.
გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი რამდენიმე პირის მიმართ, მათ შორის არიან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი მაღალჩინოსნები ვანო მერაბიშვილი, დათა და ბაჩანა ახალაიები.
28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 27 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოკლეს. თბილისში, შარდენბარში დაწყებული ინციდენტი, რომლის მონაწილეებიც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი თანმხლები პირები იყვნენ, ოქროყანაში დასრულდა. ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს. შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. სვანურ გარჩევებს უკავშირდებოდა.