"სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა მილიონებთან არის დაკავშირებული"

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ტაძრის მოხატვის ხარჯები ჯერ დაანგარიშებული ზუსტად არ არის, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სამუშაოა.

„ფონდი ისედაც უკვე აწარმოებს სამუშაოებს სამების მოხატვასთან დაკავშირებით და გააგრძელებს ამ სამუშაოებს მომავალშიც. ტაძრის საკურთხევლის ნაწილი, ანუ ცენტრალური ნაწილი, რომელიც საკურთხევლის თავზე მდებარეობს, უკვე მოხატულია და ეს სამუშაოებიც დაფინანსებულია „ქართუს“ მიერ. ეს საკმაოდ დიდი, სოლიდური თანხებია, მოგეხსენებათ, მოხატვა საკმაოდ ძვირიან სამუშაოს ნიშნავს. სამება საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარია, მისი შიდა კედლების ფართი 23 000 კვადრატულ მეტრამდეა.

თანხები ზუსტად დაანგარიშებული ამ ეტაპზე არ არის, ეს მილიონების საკითხია, ძალიან ძვირია და რა თქმა უნდა, პროცესია ხანგრძლივია, რადგან ეს ის თემაა, რომელიც ვერ იტანს აჩქარებას. მოხატვა არ არის სხვა ტიპის სამშენებლო სამუშაო“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის სრულად მოხატვას დააფინანსებს.