ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ექვთიმე თაყაიშვილის, თედო სახოკიას, სერგი გორგაძის, იროდიონ სონღულაშვილის, დავით კარიჭაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ვუკოლ ბერიძის, ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩიტაიას, ვერა ბარდაველიძის, სერგი მაკალათიას, ალექსი ოჩიაურის, კალისტრატე ცინცაძის, კათალიკოს-პატრიარქების ლეონიდესი და კირიონ II-ის საქმიანი მიმოწერა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, მათ მიერ შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები, გიორგი ჩიტაიას და ვერა ბარდაველიძის საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა დედნების სახითაა წარმოდგენილი.
„საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მთავარი მისია იყო შეეგროვებინა ის საისტორიო მასალა, რომელიც საზღვარგარეთ იყიდებოდა. გამოფენის მომზადების დროს, შევეცადეთ საზოგადოებისათვის წარმოგვეჩინა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ისეთი მოღვაწეები, რომლებიც ჩრდილში არიან მოქცეულნი და რომელთაც უზარმაზარი ენერგია ჩადეს იმისათვის, რომ შეეკრიბათ ეს მასალა და მომავალი თაობისთვის გადაერჩინათ,“- განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა, თსუ მუზეუმის წარმომადგენელმა მანანა ლილუაშვილმა.
„ამ გამოფენით კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ეთნოლოგიური კვლევების მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის, როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე სამეცნიერო საზოგადოებისთვის. თვის დროზე, საისტორიო- საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობამ დაუდო საფუძველი სამომავლოდ უნივერსიტეტის დაარსებას, სხვა სამეცნიერო დარგების გაშლას და განვვითარებას,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა.
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1907 წელს დაარსებულმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და ხელოვნების ნიმუშთა შეგროვება-შესწავლა. სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც 1907 წელს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და ჭეშმარიტი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის უშუალო თაოსნობით დაარსდა. ექვთიმემ თავიდანვე შემოიკრიბა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია მაჩაბელი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი, დავით და ალექსანდრე სარაჯიშვილები და სხვები. ფაქტობრივად, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება იყო პირველი სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც იტვირთა სახალხო უნივერსიტეტის ფუნქცია და მოამზადა ნიადაგი პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გასახსნელად.
გამოფენაზე პირველადაა წარმოდგენილი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, მათ მიერ შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები. განსაკუთრებით საინტერესოა მიმოწერა მსოფლიო მნიშვნელობის ეთნოლოგებთან: ო. ბუდინთან, ტ. დოლგიხთან,მ. კოსვინთან, რ. გერტრუდთან, დ. ფიგოლთან,ნ, კოსველთან, ა. ტიუმენოვმთან, მ. იშტვანოვიჩთან, ლ. კუნცთან, ლ. მინკოსთან, ტ. ხადიხთან, ნანკის, ბრნოსა და ჩიკაგოს მუზეუმების წარმომადგენლებთან და სხვებთან.
საარქივო ჩანაწერები და ფოტო მასალა დაცულია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ არქივში.