საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში კერძო წერილს ასაჯაროებს, სადაც საუბარია დაკრედიტების სისტემაზე.
გვენეტაძე წერს, რომ წერილი მათ საყურადღებოდ საჯაროვდება, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე დაკრედიტების მომხრეა.
ეს მათ საყურადღებოდ, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა! ასეთ, და გაცილებით მძიმე შინაარსის, შეტყობინებებს ბევრს ვიღებ როგორც fb-ზე, ისე სამსახურში- წერს გვენეტაძე
წერილში ერთ-ერთი მოქალაქე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დახმარებასა და კომერციულ ბანკთან შუამდგომლობას სთხოვს.
"მოგესალმებით ბატონო კობა, თქვენი დიდი გულისხმიერების იმედი გვაქვს და ამიტომ გწერთ. სახლი გვაქვს ახალი ჩადებული, რომელიც გაპრობლემდა და ახლა გასახლების პირას ვართ. ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ, მყავს 2 წლის შვილი, რომელსაც სხვა მეტი სახლი არ გააჩნია. ჩვენ გვინდა უბრალოდ ბანკმა დრო დაგვიმატოს, არც ჯარიმების ჩამოჭრა გვინდა, ყოველთვე გადავიხდით 1000 ლარს. გთხოვთ გრაფიკში ჩაგვსვან და გადავიხდით თანხას, ამას გთხოვთ დედა რომელსაც არ უნდა თავისი შვილი გარეთ დარჩეს. გემუდარებით შეგვეხმიანეთ. სასწაულების მჯერა! მჯერა, თქვენ ჩემს წერილს წაიკითხავთ" - წერს კობა გვენეტაძეს ქალბატონი, ვისი ვინაობაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ანონიმურად დატოვა.