ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ახალგაზრდას, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს და ბინას ყიდულობს, შესაძლოა, შესაძენი ბინის იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა მიეცეს. ახლა საუბარი მიმდინარეობს საბანკო რეგულაციებში რამდენიმე კორექტივის შეტანაზე.
„ვინც ყიდულობს ბინას და აქვს მხოლოდ ის ბინა, რომელსაც ყიდულობს, მისი ჩადება არ შეუძლია უზრუნველყოფაში. ჩვენ შეიძლება, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს გადავხედოთ. მაგალითად, ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, როგორც ვიცით, ცხოვრობს მშობლებთან, ისინი ყიდულობენ ბინას. კიდევაც რომ მოხდეს რაღაც და ადამიანმა ეს ბინა დაკარგოს, ბოლოს და ბოლოს მშობელთან დაბრუნდება საცხოვრებლად. ასეთი ლოგიკური საკითხები დღესდღეობით განიხილება და ასეთი დაკორექტირებები შეიძლება, მოხდეს. კი ბატონო, რაღაც შემთხვევებში ჩვენ შეიძლება, დავუშვათ, რომ ეს ბინა იყოს ჩადებული იპოთეკაში.
საყოფაცხოვრებო დაკრედიტების თვალსაზრისითაც მიდის ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავაკორექტიროთ, მაგალითად, შემოსავლის მიხედვით კრედიტის გაცემის კოეფიციენტები. შეიძლება, რაღაც შერბილება მოხდეს“, – განაცხადა ქობულიამ.