„ლიდერებიდან ერთადერთი კაცი, ვინც ბოლომდე იდგა, ეს ირაკლი ბათიაშვილი იყო. დანარჩენებმა, ყველამ დატოვა ტერიტორია. იქ იდგა ხალხი, - ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები," - აცხადებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეზონანსთან" საუბრისას ქაშვეთის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილის ბრალდების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ლიდერებმა ხალხი მიატოვეს და დატოვეს ტერიტორია.
ცნობისათვის, დღეს 9 აპრილის მემორიალთან ირაკლი ბათიაშვილის მეუღლეს, მაია ბათიაშვილსა და დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილს შორის შელაპარაკებას მოხდა;
დეკანოზ ელიზბარის თქმით, 9 აპრილს აქციების ლიდერებს პატრიარქისთვის უნდა დაეჯერებინათ და ტერიტორია დაეტოვებინათ, თუმცა ასე არ მოხდა, მოგვიანებით კი ლიდერებმა თავად მიატოვეს ხალხი.
ირაკლი ბათიაშვილის მეუღლის განცხადებით კი 9 აპრილის ლიდერებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ და ისინი ბოლო წუთამდე რუსთაველის გამზირზე იდგნენ, მათ შორის ირაკლი ბათიაშვილიც იყო, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
30 წლის წინანდელ ტრაგიკული ღამეს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იხსენებს: „მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა," - აღნიშნა მან.
ილია მეორე „იმედთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ 9 აპრილის ღამე თავისუფლებისთვის მზადყოფნა იყო და იმ ღამეს რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდნენ.
„ძალიან ძნელია გახსენება იმ ღამისა, რაც მოხდა რუსთაველზე. ჩემთან შუაღამის დროს მოვიდნენ და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. გრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში.
„წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება, მეც მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა და მერე დაიყვირეს - არა. ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ სროლა თუ იქნებოდა, დაცვა ყოფილიყო, მე რომ არ მომხვედროდა," - განაცხადა პატრიარქმა.