ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 9 აპრილთან დაკავშირებულ პოტს აქვეყნებს:
“9 აპრილს 14 წლის ვიყავი – დღისით აქციაზე წავედით მე და ნატა საბანაძე, ვიყიალეთ მრავალმნიშვნელოვნად და საღამოს სახლებში დავბრუნდით.
ღამით, ძილში, მამაჩემის ხმა გავიგე – აქციიდან მოვიდა, გაბრაზებული იყო, აკაკი ბაქრაძე არ შეიყვანეს დროებით მთავრობაში და წამოვედიო (თუ სწორად მახსოვს, დროებით მთავრობაზე იყო საუბარი, მაგრამ ის ნამდვილად სწორად მახსოვს რომ აკაკი ბაქრაძის გამოტოვებაზე გაბრაზდა).
მერე ისევ გამეღვიძა, ტელეფონმა დარეკა, მამაჩემის ბიძა რეკავდა – შვილებს ეძებდა. ჯარი შემოვიდა და დაარბიესო.
მაგ ღამით დავინტერესდი პოლიტიკით და მას მერე, ინტერესი არ გამნელებია”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს საბჭოთა შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.