“მახსოვს მდუმარებით გარინდული ქალაქი, ვისაც ვხედავდით ყველა ტიროდა”

“მახსოვს მდუმარებით გარინდული ქალაქი, ვისაც ვხედავდით ყველა ტიროდა”

“საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე 9 აპრილთან დაკავშირებით “ფეისბუქ”-ის პირად გვერდზე წერს:

“მე 9 აპრილის თაობა ვარ. სწორედ 1989 წელს დავამთავრე სკოლა. მახსოვს, ეს ტრაგიკული ღამე. კვირას დილით, ქუთაისში მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჟურნალისტიკის სკოლაში მორიგი შეხვედრა გვქონდა. ვიცოდით, წინა ღამით მდგომარეობა ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ იმ ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერი იყო ცნობილი. შეხვედრაზე წავედით. თურმე ამ დროს გადმოუციათ ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.

მახსოვს და ალბათ ყოველთვის მემახსოვრება მდუმარებით გარინდული ქალაქი. თითქოს ყველაფერი გაიყინა. სასახლეშიც არავინ დაგვხვდა. ქუჩაშიც თითქმის არავინ მოძრაობდა. ვისაც ვხედავდით, ყველა ტიროდა. ბოლოს, ერთი პედაგოგი მოვიდა და გვითხრა, იქ, თბილისში თქვენისთანა ახალგაზრდები დაიღუპნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ეს დღე და ეს ცრემლები არასოდეს დაივიწყოთო.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ყოველ 9 აპრილს ის გარინდული ქალაქი მახსენდება, ტკივილისგან ცრემლებში რომ იხრჩობოდა. მეც ვიღებდი მონაწილეობას ქუთაისში გამართულ აქციებში. მეც მივეცი ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას რეფერენდუმში. მთელი 90-იანი წლების სიმძიმემ სწორედ ჩვენს თაობაზე გადაიარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ბედნიერი თაობა ვართ, რადგან მონაწილე ვართ იმ პროცესების, რამაც ქვეყანას 200 წლის შემდეგ თავისუფლება აჩუქა, და ეს ყველაფერი უმთავრესად იმ გმირების დამსახურეებაა, რომლებიც რუსთაველზე სიმღერით შეხვდნენ სიკვდილს.

მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე