1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალს მთავრობისწევრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით ამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
“30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან
რამდენი რამ შეცვალა ამ დღემ, როგორ დააჩქარა საბჭოთა სისტემის ნგრევა და საქართველოს დამოუკიდებლობა. ის გოგოები, აი, ნათია და თამრიკო ახლა 47 წლისები იქნებოდნენ, მაგრამ არა, საქართველოსთვის თავგანწირვა არჩიეს.
მხოლოდ მათ?! – კიდევ ბევრმა… მათ უყვარდათ საქართველო და ამ სიყვარულის წინაშე ნიჩაბმომარჯვებული და გაზით აღჭურვილი რუსული ჯარიც კი უძლური იყო.
ტიტები – წუხელ ისევ ეწყო პარლამენტის წინ.
იმდენი აღარ, როგორც წინა წლებში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს არ დაივიწყებენ.
დიდება 9 აპრილის გმირებს, მადლობა 9 აპრილის გმირებს!”, – წერს გოგა ჩანადირი “ფეისბუქზე” და ურთავს შესაბამის ფოტომასალას.