“მაინც იდოს აქ ჩემი “არაპოპულარული” აზრი… “დიდ შეცდომად ჩავთვლი “ევროპული საქართველოს” მხრიდან…”

“მაინც იდოს აქ ჩემი “არაპოპულარული” აზრი… “დიდ შეცდომად ჩავთვლი “ევროპული საქართველოს” მხრიდან…”

ზუგდიდის მერის არჩევნებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა და პოლიტიკურმა ძალებმა უკვე დაიწყეს თავიანთი კანდიდატების წარდგენა.

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ზუგდიდში მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს. გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ კვლევების მიხედვით სანდრა რულოვსი უდაო ფავორიტია სამეგრელოში.  ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან რომ სანდრა რულოვსი შეძლებს დაამარცხოს “ქართული ოცნება” ზუგდიდში. სანდრა რულოვსს მხარდაჭერას უცხადებს “ევროპული საქართველოც.” როგორც გიგი უგულავა აცხადებს, პარტია ჩართულია სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიაში.

„ოპოზიციის შანსები და საკუთრივ ქალბატონი სანდრა რულოვსის შანსები გამარჯვების მათ შორის გაყალბების პირობებშიც კი იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაყალბებისთვის  სანდრას გამარჯვების შანსები არის ძალიან მაღალი. მეტიც, სანდრა გაიმარჯვებს. ჩვენ, “ევროპული საქართველო” მივიღებთ მონაწილეობას ქალბატონი სანდრას კამპანიაში. ადგილობრივი ჩვენი ოფისი სრულად არის ამ საქმეში ჩართული, ისევე როგორც ჩვენ ვთანამშრომლობთ ენმ-სთან მთაწმინდის ოლქში. მე დარწმუნებული ვარ რომ 19 მაისი ზუგდიდი და მთაწმინდა ერთობლიობაში იქნება ის წითელი ღილაკი რომელსაც “ქართული საზოგადოება” აუნთებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ტაბულა”-ს დამფუძნებელმა და ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეოშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ “ევროპული საქართველოს” მხრიდან – შეცდომა იქნება ზუგდიდში თუ მერობის კანდიდატს არ დააყენებენ.

“დიდ შეცდომად ჩავთვლი “ევროპული საქართველოს” მხრიდან, ზუგდიდში თუ კანდიდატს არ დააყენებენ, მას მერე რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულში დაარღვია პირობა.

მაინც იდოს აქ ჩემი “არაპოპულარული” აზრი. მერე გავიხსენებ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

რაც შეეხება მმართველ გუნდს – „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდის მერის პოსტზე გიორგი შენგელია იქნება – 6 აპრილს ის პარტიამ ზუგდიდში შეკრებილ ხალხს ოფიციალურად წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში 2019 წლის 19 მაისს მერობის რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს.