"ცრემლებამდე აღელვებული იყო, ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს ვეღარ ნახავდა" - ადვოკატი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ხშირად ავადმყოფობდა, დავითმა კი მაინცდამაინც მაშინ გადაწყვიტა მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო, როცა გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ახალი დეტალების შესახებ ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეში და მედიას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.

"ეს ქალბატონი 77 წლისაა და მართლაც, არაა გამორციხული, ცუდად იყოს. ის დავითის და ანას თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა და ბოლო ზამთარში, ახალი წლის პერიოდში მართლა ცუდად იყო. დავითმა ანას უთხრა, რომ დედამისი აპარატზე იყო მიერთებული - შესაძლოა, ვერც გადაიტანოს ავადმყოფობაო. მაგრამ მას რატომღაც მაშინ დედამისთან ჩასვლის სურვილი არ გასჩენია, მაინცდამაინც გამოძიება რომ დაიწყო, მაშინ გადაწყვიტა, მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო.

საინტერესოა, რომ როგორც დავითის ადვოკატის, ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, ქალბატონი შუაღამეს გახდა ცუდად და დავითიც შუაღამესვე გაფრინდა. მაგრამ შუაღამემდე საკმაოდ ადრე, შუადღეს დავითი ანას დაუკავშირდა, რისი შემსწრეც პირადად ვიყავი. ზარი უცნაური იყო, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ. საუბარი პირადად მოვისმინე, რომელიც ძალიან უცნაური იყო. დავითი ცრემლებამდე აღელვებული იყო და მოითხოვდა, ანას კარგად ეპატრონა მათი შვილისთვის. იგი არ პასუხობდა ანას კითხვებს, დედის შესახებ არაფერი უხსენებია და ანას საუბრის ბოლოს ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან გვაფიქრებინა, რომ მას ჯერ კიდევ შუადღით ჰქონდა განზრახული საქართველოს დატოვება",- განაცხადა გორელაშვილმა.

ის შეეხო ძალადობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები, თითქოს დავითსა და ანას ერთ ჭერქვეშ არ უცხოვრიათ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კონკრეტული მტკიცებულება არსებობს.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა შორენა ბეგაშვილის შესაძლო გამოკითხვასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია აქვს და არ იცის, აპირებს თუ არა საგამოძიებო ორგანო ბეგაშვილის დაკითხვას, თუმცა ეს გამორიცხული არ არის.