“რუსთავი2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “იმედის კვირის” მიერ, მის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს საკუთარ გადაცემაში უპასუხა.
საუბარია “იმედის” მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე სათაურით – “ერის მაგინებელი – გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა”. გადაცემა “იმედის კვირამ” რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა “ფეისბუქ ლაივებში”.
გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ მიიღო საპროტესტო წერილი, ნიკა გვარამია ითხოვს დასახელდნენ აღნიშნულ წერილზე ხელმომწერი ადამიანები. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვლის, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ის “ტელეკომპანიამ მოიგონა”.
“მივმართავ ტელეკომპანია იმედს:
გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა,” – აცხადებს ნიკა გვარამია.
ამასთან, გვარამიას თქმით, რომ მას “ფეისბუქ” ჩართვების შემდეგ ემუქრებოდნენ. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას არ ეშინია და სულ ერთია რა ფორმით დაემუქრებიან მას. ნიკა გვარამიას თქმით, ის არ აპირებს რიტორიკა შეცვალოს.
„ლაივები” რატომ ჩათვალა რომ სატელევიზიო გამოსვლაა არავინ არ იცის. მე პირად სივრცეში რას ვილაპარაკებ, ესეც “იმედის” საქმე ყოფილა.
ეს მუქარაც მიმიღია, ცემის მუქარაც მიმიღია იმიტომ რომ მითხრეს, რომ გაიხსენე ვალერი გელაშვილიო. ფეხებზე მკიდია. გინდა მცემეთ, გინდათ გაავრცელეთ ფარული კადრები. მე ავისხლიტავ ამ ყველაფერს. პირდაპირ როგორც კი ლაივი ჩაიწერა. მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს, არც დაკითხვები არაფერი მაინტერესებს. ფეხებზე მკიდია, გინდათ ჩემი ცემა, მიდით მიაწექით, ჩემს ნაცემ კადრებსაც მთელი მსოფლიო იხილავს. მოკვლა გინდათ, გააგრძელეთ. შევალ ისტორიაში დიდებულად რომ ჩემს გამო თქვენ დაემხობით,“– განაცხადა ნიკა გვარამიამ.