"ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო ფეხზე ჰკიდია"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს საგანგებო ბრიფინგით ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება:

"მან განაცხადა, რომ ნატოს შეუძლია, ჩვენთან გამოიყენოს ე.წ. კვიპროსის მოდელი. ეს გულისხმობს, რომ კვიპროსი 2004 წელს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ორად იყო გაყოფილი, ევროკავშირის მიერ წევრად იქნა მიღებული. ბატონი რასმუსენი გაყოფილ საქართველოს ევროკავშირის წევრობას კი არა, ნატოს წევრობას

სთავაზობს. კვიპროსი კი არაა ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ტერიტორიაზე ბრიტანეთისა და თურქეთის, ანუ ნატოს წევრი ორი ქვეყნის სამხედრო ბაზებია განლაგებული. ნატოში ასე გაწევრიანება ნიშნავს ქვეყნის გაყოფას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საბოლოო უარის თქმას - ეს სრულიად ნათელია. რატომ გვთავაზობენ ნატოს წევრობას გაყოფილი ტერიტორიებით და არა ევროკავშირის წევრობას? მაშინ ჯერ ევროკავშირში მიგვიღონ და 14 და 20 წლის მერე ვილაპარაკოთ ნატოზე, თუ ტერიტორიული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი იქნება. ევროკავშირში ასე შესვლას იმიტომ არ გვთავაზობენ, რომ საქართველოს ინტერესები არავის აინტერესებს ყველას სურს, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებების განსახორციელებლად. არავის გული არ შეუტოკდება, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთი და სამაჩაბლო ვეღარასდროს იქნება ერთიანი საქართველოს ნაწილი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ რასმუსენის განცხადებიდან გამომდინარე, ადამიანებს, ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, "საქართველო ფეხზე ჰკიდია".

"ნატო გინდათ იმისთვის, რომ თუ ვინმე თავს დაგვესხა, მან დაგვიცვას. მეხუთე მუხლის გარეშე ნატოში რა გინდათ? მეხუთე მუხლის გარეშე ნატოში შესვლა ნიშნავს, რომ თუ ვინმე თავს დაგესხმება, ნატო არ ჩაერთვება ამ კონფლიქტში და არ დაგიცავს. აბა, რისთვის გინდათ ნატო, ამერიკული ბაზები რომ განლაგდეს, ამერიკული რაკეტები დაუმიზნონ მოსკოვს და თუ ერთმანეთს დაარტყამენ, ჩვენგან ასე ვთქვათ, სველი ადგილი დარჩეს?" - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" ბურჯანაძემ.