მარტვილის მერის ყოფილი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან მის მოულოდნელ გადაყენებას მეუფე პეტრეს და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარს ოთარ დანელიას უკავშირებს. სურმავა ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტის მერი მათი მითითებით მოქმედებდა.
„მეუფე და ოთარ დანელია მებრძოდნენ და სწორედ მათი დავალებით დაწერა ბრძანება მერმა გრიგალავამ. მეუფე 2012 წლიდან იყო ჩემ წინააღმდეგ და დანელია რას მერჩის, არ ვიცი. ფაქტია, რომ ბატონი ალექსანდრე გრიგალავა არაფერ შუაშია. უნდათ, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ, მაგრამ არ მოხდება ეს",- აცხადებს სურმავა „პრაიმტაიმთან".
სურმავას ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ოთარ დანელია. მაჟორიტარმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
„სამწუხაროდ, მისი ეს განცხადება არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს, რადგან, როგორც ჩანს, არ ესმის, ვის რა უფლებამოსილება აქვს, როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობასა და არჩეულ მერს", - აღნიშნა დანელიამ.
მეუფე პეტრე სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა მარტვილის ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან სურმავამ, რომელიც დავით სურმავას ძმაა.
ლევან სურმავამ ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმთან" კატეგორიულად უარყო. მარტვილის ვიცე-მერი დავით სურმავას გათავისუფლებას კი მერმა ხელი 5 აპრილს მოაწერა და ამავე დღეს ახალი მოადგილეები - ვიცე-მერად ალექსადრე ხურცილავა, მეორე მოადგილედ კი აკაკი ხუნწელია დანიშნა.