ჩეჩნეთს ინგუშეთის შემდეგ სადავო მიწებზე ურთიერთობა დაღესტანთანაც ეძაბება

ჩეჩნეთს ინგუშეთის შემდეგ სადავო მიწებზე ურთიერთობა დაღესტანთანაც ეძაბება

ინგუშეთის შემდეგ ჩეჩნეთს სასაზღვრო პრობლემა დაღესტანთან შეექმნა. გროზნოსა და მახაჩკალას შორის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო შემდგარი შეთანხმება, რომელიც განაპირობებდა დაახლოებით 400 კმ2 ფართობის მქონე ტერიტორიის გადანაწილებას მათ შორის. 16 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ დაღესტანთან შეუთანხმებლად ჩეჩნეთმა შეცვალა თავისი საკადასტრო რუკა და სადავო ტერიტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ყიზლარის რაიონის სასაზღვრო მიწის 18 ჰექტარი თავის შემადგენლობაში შეიყვანა.

ამან დაღესტანში დიდი მღელვარება გამოიწვია, მათ შორის მაღალ ეშელონებში, რომლებმაც საჯაროდა გამოთქვეს პროტესტი, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკაში რამზან კადიროვის ძალაუფლება კვლავ ძალიან დიდია, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ დაღესტნელმა ჩინოსნებმა მალევე აიღეს ინტერნეტიდან თავიანთი საპროტესტო წერილი.

ოფიციალური გროზნოს ვერსიით, ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით მახაჩკალის პასუხს 15 მარტამდე ელოდნენ და პასუხის მიუღებლობის შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყეს მოქმედება. ჩეჩნეთის "დაუკითხავი" ნაბიჯის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საჯარო საკადასტრო რუკის განახლებული ვერსია გავრცელდა.

თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით იმართებოდა მოლაპარაკებები ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვსა და დაღესტნის პარლამენტის სპიკერ ხიზრი შიხსაიდოვს შორის. თებერვალში მოლაპარაკების გამართვისას ჩეჩნეთის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დაღესტანს გადასცემდა კავკასიის ფედერალურ ტრასაზე არსებულ ხიდს და მიმდებარე ტერიტორიას, რაც 73 ჰექტარს შეადგენდა და სამაგიეროდ კი იმავე ფართობის მიწას მიიღებდა.

2 აპრილს დარესტნის ეროვნული კრების საიტზე გამოქვეყნდა წერილები, რომელიც განკუთვნილი იყო ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვისთვის, როსრეესტრის ხელმძღვანელის, ვიქტორია აბრამჩენკოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ალექსანდრე მატოვნიკოვისთვის.

წერილებს ხელს აწერდა დაღესტნის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არტიომ ზდუნოვი და დაღესტნის ეროვნული კრების სპიკერი ხიზრი შიხსაიდოვა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაუქმებელია.

მეორე დღეს კი ეს წერილები ეროვნული კრების ოფიციალური საიტიდან წაიშალა, რაც ახსნეს იმით, რომ გამოქმეყნებისა და და საინფორმაციო სააგენტოების მიერ მისი მიღების შემდეგ, სიახლემ თავისი თავი ამოწურა.