როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა

როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა

აღნიშნული კითხვა მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კობა დავითაშვილმა მის კონკურენტს, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს, საქართველოს პირველ არხზე, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, სტუმრობისას დაუსვა.

„რატომ აპირებთ მურუსიძესთან და გვრიტიშვილთან ბრძოლას ბოკერიასთან და სააკაშვილთან ერთად და როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილმა გადაცემაში ასევე გაიხსენა 2013 წელს კოალიცია “ქართული ოცნების” დატოვების მიზეზი. მისი თქმით, ის  მარტო აღმოჩნდა, როცა კოალიცია სასამართლოში მიმდინარე პროცესების გამო დატოვა და არ მოუსმენია მხარდამჭერი, თუ გამამხნევებელი შეძახილები არც შალვა შავგულიძისგან და არც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებისგან“.

კობა დავითაშვილმა შალვა შავგულიძე განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების შემოქმედებთან ურთიერთობის გამო გააკრიტიკა. დავითაშვილმა შავგულიძეს უთხრა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მივიდა, რათა მხარდაჭერა მიეღო.

„ბოკერიასა და სააკაშვილის პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ერთობლივი კანდიდატი იქნებოდა და ეს კანდიდატი ხართ თქვენ. თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატიც ხართ და ახლა, ბოკერია სააკაშვილს გაემიჯნაო, მე ამ ზღაპრების არ მჯერა. თუ სამართლიანი კაცი ხარ, „ოცნებასაც“ დაუპირისპირდი და „ნაციონალებსაც“. ეგაა ვაჟკაცობა. ისე ვერ შევალ პარლამენტში და ბოკერიას უნდა შევყვეო, ეგ არ არის ვაჟკაცობა. ეგ კონფორმიზმია“, – მიმართა კობა დავითაშვილმა შალვა შავგულიძეს.

კობა დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ როგორც სააკაშვილთან და ბოკერიასთან ერთად არ შეიძლება მურუსიძესთან და გვრიტიშვილთან ბრძოლა, ისე არ შეიძლება მურუსიძესა და გვრიტიშვილთან ერთად სააკაშვილთან და ბოკერიასთან ბრძოლა.