დავით ზალკალიანი ბრალდებებს პასუხობს

დავით ზალკალიანი ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს, მას შემდეგ ჩატარდა, რაც დავით ზალკალიანი ესპანეთში იმყოფებოდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებს აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს, ჩემი ვიზიტი ესპანეთში კავშირშია ბარსელონაში ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან.

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისადმი ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება ჭირდება, ყოველდღიური გაფრთხილება. ასობით ათასი ჩვენი კეთილსინდისიერი მოქალაქე სარგებლობს ამ სიკეთით, რომელსაც მოაქვს სიკეთე ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

მსგავსი სახის აბსურდული განცხადებების და ინფორმაციის გავრცელება არის პროვოკაციული და ზიანს აყენებს საქართველოს, ზიანს აყენებს ათასობით და ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას.” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქალაქ ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასა და წლის დასაწყისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესპანეთში ვიზიტის ურთიერთკავშირის შესახებ მედიაში გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.