საქართველოს მოქალაქეს ირანში ექსტრადირება და 74-ჯერ გამათრახება ემუქრება. 1952 წელს დაბადებულ გ.ს-სთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განცხადება გამოაქვეყნა.
სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთის მხარეს მოუწოდებს, რომ ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ირანს არ გადასცენ, რადგან მას იქ წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.
დაკავებულის ინტერესების დასაცავად პროცესში ჩართულია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
„იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით 2017 წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ გ.ს-ს უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ისევე როგორც უცხოეთში მყოფი სხვა საქართველოს მოქალაქეებისა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა გამოეყენებინა იგივე მიდგომა, რაც ექსტრადირების საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე დადგენილი ჰქონდა პრაქტიკით; - აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა მომჩივნისა და საქართველოს მთავრობის პოზიცია", - აცხადებენ სამინისტროში "პრაიმტაიმთან".
საქართველოს მოქალაქე გ.ს. რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა ბულგარეთში 2016 წელს დააკავეს. მას ირანის საგამოძიებო ორგანოები ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 50 000 ევროს მოპარვას ედავებიან. ექსტრადირების და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ირანში მოქმედი კანონით მას პატიმრობა, ასევე 74 როზგი ემუქრება.