ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილებ ზურაბ ძნელაშვილმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართეს.
შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო, იურიდიული და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ძირითადი საკითხები კონტრაფაქციული საქონლის კონტროლსა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ეხებოდა.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა და დეტალურად გააცნო სტუმრებს ის ღონისძიებები, რომელსაც შემოსავლების სამსახური მომავალში განახორციელებს.
,,შემოსავლების სამსახური საბაჟო და საგადასახადო ორგანოებთან ერთად, მუდმივად ებრძვის კონტრაფაქციული საქონლის რეალიზაციას. ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია. ასევე განსაკუთრებით კონტროლდება კონტრაფაქციული საქონლის ექსპორტი, რომ არ მოხდეს ფალსიფიცირებული საქონლის გატანა ქვეყნის გარეთ.“ - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
პირველი სამუშაო შეხვედრა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან 20 მარტს გამართა. ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით, სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.