ვლადიმერ ზელენსკის და იულია ტიმოშენკოს უკან ოლიგარქი იგორ კოლომოისკი დგას. ამიტომ, ჯერ ძნელია გადაჭრით იმის თქმა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი გაიმარჯვებს. ამის შესახებ "2020NEWS“- ს ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კომენტირებისას განუცხადა.
"2020NEWS“-სთან საუბარში ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორად დანიშნოს. "იმისთვის, რომ ზელენსკიმ სააკაშვილი დანიშნოს გენერალურ პროკურორად, ჯერ უნდა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი გამარჯვების საკითხი ასე მარტივიც არ იქნება. ჯერ ერთი - მას იულია ტიმოშენკომ არ დაუჭირა მხარი. გარდა ამისა, ხალხს შეეშინდება გაურკვევლობის. ზელენსკი კი ჩემი აზრით, გაურკვევლობაა. ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინელებს შეეშინდებათ, რომ ქვეყანა ქაოსმა არ მოიცვას. ზელენსკის ტიმოშენკოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ეს არც იქნებოდა გასაკვირი. ტიმოშენკოს და ზელენსკის უკან ერთი ოლიგარქი დგას - კოლომოისკი.
რა მოხდა და რატომ არ უჭერს მხარს ტიმოშენკო, მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. არჩევნების პირველი ტურიდან დიდი დრო არ არის გასული და ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოსულა. ექსპერტის თქმით, სააკაშვილს გაუჭირდება უკრაინელ ოლიგარქებთან ბრძოლა. "უკრაინა დიდი ქვეყანაა, სადაც ბევრი ოლიგარქი ცხოვრობს. ხომ ნახეთ, სააკაშვილი საქართველოში ერთ ოლიგარს მოერია და მეორეს ვეღარ მოერია. მიხეილ სააკაშვილი გენპროკურორი თუ გახდა, ეს ძალიან სერიოზული თემა იქნება. უკრაინაში დასაჭერი ბევრია. კორუფციასთან ბრძოლის დროშით შეიძლება, პოზიციების სერიოზული გამოყენება. მიშასთვის ეს ძალიან სერიოზული თანამდებობა იქნება. მას აქვს იმიჯი კორუფციასთან ბრძოლის და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საიმისო თანამდებობა იქნება“, აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე. შარაშენიძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში გენერალურ პროკურორად დანიშვნა საქართველოს პოლიტიკურ ამინდს ამ ეტაპზე ვერ შეცვლის. "უკრაინაში მოვლენების ამ სცენარით განვითარება "ქართულ ოცნებას“ ძალიან ანერვიულებს. მიშას უკრაინაში გამარჯვება კი "ნაციონალურ მოძრაობას“ გაამხნევებს მორალურად, დანარჩენი ამ ეტაპზე არაფერი მოხდება. ძალიან ბევრი რესურსია "ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ხელში და მათი დამარცხება ამ ეტაპზე მარტივი არ იქნება“, - აღნიშნა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება, სადაც ერთმანეთს პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდებიან.