თბილისის მერი, კახა კალაძე მეტროსადგურ “300 არაგველზე” გამოცხადებულ განგაშს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძე განაცხადა, მეტროში შეფერხებები მოძველებული ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული.
დედაქალაქის მერმა მატარებლების შემადგენლობის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„შემთხვევით არ არის ის ცვლილებები რაც ჩვენ გვაქვს დაწყებული განახლების თვალსაზრისით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია იმიტომ, რომ ძირითადად არის ძველი ვაგონები. საბჭოთა კავშირის დროინდელი. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომ განვახორციელოთ მათი რეაბილიტაცია. ვფიქრობ, წელს, რამდენიმე დღეში უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს რეაბილიტაციაზე, განახლებაზე. ეს იქნება ორი შემადგენლობა, დაახლოებით 15 ვაგონის სრული განახლება მოხდება და ეს პროცესი გაგრძელდება რომ მაქსიმალურად ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ვაგონების თვალსაზრისით, მოწესრიგებული იყოს,“- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, განგაში დღეს მეტროსადგურ “300 არაგველზე” გამოცხადდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოსთხოვეს რომ სხვა ვაგონში გადამსხდარიყვნენ. თუმცა მგზავრებს მიზეზი არ განუმარტეს. დაცლილ მატარებელი კი, სპეციალური ე.წ. ჩიხში გადაიყვანეს.