"ზუგდიდში მარცხს „ოცნებისთვის“ შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური ფასი ჰქონდეს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძის გამარჯვებას ექნებოდა"

„ცნობადობით სანდრა რულოვსს არც შენგელია ჩამოუვარდება, ქვეყნის მასშტაბით არ ვგულისხმობ. ალბათ, უფრო რეპუტაციული ბრძოლა იქნება. შენგელია მოვალეობის შემსრულებელი იყო, აქედან გამომდინარე განისაზღვრება მისი შანსებიც. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, დაახლოებით ორი დღის წინ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ იყო, რომელმაც ქალბატონ სანდრას ირიბად დაუჭირა მხარი," - ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას ზუგდიდში გასამართ შუალედურ არჩევნებს, სადაც „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატი გიორგი შენგელიაა.

ჭიჭინაძის განცხადებით, ივანიშვილმა რიგითი მერის არჩევნები მთავარ საბრძოლო არენად არ უნდა გადააქციოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„ამ არჩევნებს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური დატვირთვა ექნება. რულოვსისა და შენგელიას კანიდიდატურები აღარ განიხილება. ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული, იგი სამეგრლოში მოგზაურობს, იმედია ამ კამპანიას თავად არ ჩაატარებს, რადგან წაგების შემთხვევაში „ოცნება" წაგებული რჩება და პოლიტიკური რეალობაც შეიცვლება, რაც „ქართული ოცნებისთვის" ურთულესი პრობლემა იქნება.

„ეს არაა რიგითი მერის არჩევნები. თუკი მასში ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, ეს ისევ და ისევ გამოვა დაპირისპირება საკააშვილსა და ივანიშვილს შორის, ანუ „ნაციონალებსა" და „ოცნებას" შორის. ამ დამარცხებას „ოცნებისთვის" შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური ფასი ჰქონდეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნებოდა. ამიტომ, ამაზე „ოცნება" უნდა დაფიქრდეს და რიგითი მერის არჩევნები არ აქციოს დიდ ბრძოლად, რომელსაც შეიძლება ქვეყანაზე აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბება მოჰყვეს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისათვის, 19 მაისს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი კანდიდატი საქართველოს ყოფილი ლედი სანდრა რულოვსია.