12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ გამოცხადდება. ინიციატივა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, დღეს პრემიერმინისტრმა გააჟღერა. მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარლამენტს შესაბამისი წინადადება დაჩქარებული წესით განსახილველად გადაეგზავნება.
„დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, დარწმუნებული ვარ 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.