კვლევები ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა არაგონივრულია

კვლევები ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა არაგონივრულია

პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე ღია საზოგადოების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევებს “მარშალპრესთან” საუბრისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კვლევებმა ნათლად გვიჩვენა არა მარტო საზოგადოების განწყობა პოლიტიკოსების მიმართ, არამედ, პოლიტიკური კულტურის დონეც:

„როდესაც მოსახლეობის 66% არ კითხულობს პარტიების საარჩევნო პროგრამას, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში პარტიული სისტემა სუსტია და ვერც ერთი პარტია ვერ მუშაობს სათანადოდ ამომრჩეველთან. განსაკუთრებით უცნობია მოსახლეობისთვის პარტიული იდეოლოგიები, რადგან თავად პარტიები ვერ ქმნიან და ვერც ინარჩუნებენ მკვეთრად ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ პრინციპებს, წერენ ერთს და ახორციელებენ სულ სხვას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ხმას უფრო ლიდერს აძლევს, ვიდრე პარტიას.

ზოგადად, პოლიტიკური პარტიის იმიჯის 60%-ს უნდა ქმნიდეს პარტიის იდეოლოგია და პროგრამა, ხოლო 40% – ლიდერი. ასე არის განვითარებულ სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობას მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიდერს უმნიშვნელო როლი აქვს. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია, მაგრამ ლიდერების ცვლილებით პარტია სტაბილურ რეიტინგს არ უნდა კარგავდეს და რაც მთავარია, ლიდერებთან ერთად ხალხი უნდა ხედავდეს პარტიულ გუნდს და პარტიულ მოღვაწეობას ერთ მთლიანობაში. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქითაა. აქ ხალხი პარტიას ირჩევს ლიდერების მიხედვით, პასუხისმგებლობას მთლიანად აკისრებენ ლიდერებს და პასუხს თხოვენ მხოლოდ ლიდერებს. ამან განაპირობა ის, რომ პარტიის წევრები ინერტულები არიან და პასუხისმგებლობას თავადაც ირიდებენ.

ამ ვითარებაში, საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება არაგონივრული იქნება. თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ კითხულობს საარჩევნო პროგრამას, ვერ ხედავს პარტიულ იდეოლოგიას, ვერ ხედავს ძლიერ გუნდს, რომელმაც მისი ბედი უნდა განაგოს, როგორ შეიძლება სწორი არჩევანი გააკეთოს პოლიტიკურ პარტიებს შორის? ეს 2024 წლისთვისაც კი მიუღწევლად მიმაჩნია. ამიტომ აუცილებელია პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ სწორად ჩამოყალიბება და მოსახლეობასთან მუშაობა პარტიული იმიჯის შექმნის კუთხით და შემდგომ მივცეთ ხალხს პროპორციული სისტემით არჩევანის საშუალება“, – განუცხადა თამარ ჩიბურდანიძემ “მარშალპრესს”.

სოციალისტი ვაა...?! ძლივს არ გამოჩნდა ერთი ნორმალური ქალბატონი, რომელმაც საღი აზრი გააჟღერა! ახლა რომ ლაპარაკობენ 20 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაზე ეს ხომ არის ნაღდი ნაცარის შეყრა თვალებში ამომრჩევლისათვისაც და საერთოდ, როგორ შეიძლება 20 პოლიტიკური პარტია არსებობდეს, არაფერს ვამბობ 300-ზე მეტ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებულზე, სად არის 20 სხვდასხვა იდეოლოგია, 20 სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმა, პრინციპშიაც კი არ შეიძლება არსებობდეს! პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს საერთოდ, როგორც თაღლლითების საბუდარი და ერის სხეულის გამყოფ- დამაქუცმაცებელნი.მოგიწოდებთ, არჩევნები წმინდა მაჟორიტარული სისტემით!
6 წლის უკან