სპეციალური პენიტენციური სამსახური N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ გავრცელებულ საჩივართან დაკავშირებით აცხადებს, რომ საჩივრის ინიციატორი არის გიორგი მარსაგიშვილი, რომელიც 2013 წლიდან სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-2 ნაწ "ბ" ქ/პ და 179-3 ნაწ "ა" ქ/პ (ყაჩაღობა). ასევე საჩივარს ხელს აწერენ მისი თანამესაკნეები დავით ჭოველიძე (გასამართლებულია საქ.ს.ს.კ-ის 108-ე მუხლით, 236-1 ნაწ., 236-2 ნაწ. და 125-1ნაწილით - განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) და შოთა დობაძიშვილი. (179-2 ნაწ. ,,ბ" ქ/პ , 179-3 ნაწ. ,,ა,ბ,გ" ქ/პ, 260-2 ნაწ.,,ა" ქ/პ - ყაჩაღობა, ნარკოტიკული დანაშაული). მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, რომელიც სხვა დაწესებულებებთან შედარებით მკაცრი რეჟიმით ხასიათდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის უფლებების დარღვევას. თავად გიორგი მარსაგიშვილი და მისი თანამესაკნეები მუდმივად უარს აცხადებენ დაწესებულების შინაგანაწესისადმი დამორჩილებაზე და გადაძახილების მეშვეობით იგივეს მოუწოდებენ სხვა მსჯავრდებულებსაც. მარსაგიშვილი გამოირჩევა განსაკუთრებით აგრესიული ქმედებებით, როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ასევე მედპერსონალის მიმართ. ზემოთჩამოთვლილი ქმედებების გამო მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი, რაც გამოიხატება სამარტოო საკანში მოთავსებაში, ასევე პაემნების, ან სატელეფონო საუბრების დროებით შეზღუდვაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსჯავრდებულების რისკს განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი. რისკის გადაფასება ხდება წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებას ჯგუფი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია დაწესებულებაში პატიმრის მიერ გამოვლენილი ქცევა. ამდენად, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს მათთვის რისკის დამძიმება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება საჩივარში მოყვანილ სხვა ფაქტებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურდაწესებულებას. N3 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ (ე.წ. ურეხის დასახლება) მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.
ასევე უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნადა საკნების ბუნებრივად განიავება.
სიცრუეა ისიც, თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეოკამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა.
უსაფუძვლოა ასევე მსჯავრდებულების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათ ეზღუდებათ კანონით მინიჭებული უფლებები, კერძოდ, საჩივრების დაწერის უფლება. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ის საჩივარი, რომელიც მედიასაშუალებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გაუგზავნა საჩივარში მითითებულ ადრესატებს. აღსანიშნავია, რომ N3 დაწესებულებაში მოთავსების (15.12.2018) დღიდან დაწესებულების ადმინისტრაციამ მარსაგიშვილის მიერ მომზადებული ოთხი საჩივარი გაგზავნა ამ საჩივრებში მითითებულ რამდენიმე ათეულ ადრესატთან. შესაბამისად, საჩივრების შეზღუდვასთან დაკავშირებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N3 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ისევე, როგორც სხვა დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, საჭიროებისამებრ დროულად მიეწოდება სამედიცინო სერვისები.
სამსახური ადასტურებს, რომ 1 აპრილს გიორგი მარსაგიშვილმა, დავით ჭოველიძემ და შოთა დობაძიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენეს, რაც გამოიხატა შემდეგში: 23:39 სთ-ზე, გიორგი მარსაგიშვილმა კისერზე კანქვეშ დამარცხენა ხელის ცერა თითთან ე.წ.„სპილენძის მავთული“ გაიყარა (რომელიც საკანში არსებული ტელევიზორის ანტენის დეტალია) და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგ მის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დავით ჭოველიძემ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. შოთა დობაძიშვილმაც (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) - მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილმავთულს გამოაბა. მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს. 2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მარსაგიშვილი საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს 23.25 საათზე საკანში დარჩენილმა დობაძიშვილმაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დობაძიშვილი და ჭოველიძე არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებებით იმუქრებოდნენ და ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ პერიოდში მსჯავრდებულებმა თითებს შორის გაყრილი ძაფები მოიხსნეს და ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.