სს „ნიკორა ტრეიდმა“, 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 მარტამდე, წარმატებით განახორციელა 2.000.000 ცალი ჩვეულებრივი აქციის საჯარო განთავსება.
სს „ნიკორა ტრეიდი“ სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აგრძელებს სწრაფ და დინამიურ განვითარებას. სწორედ კომპანიის წარმატებული მუშაობის შედეგია, რომ მისი აქციების ფასი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს, სს „ნიკორა ტრეიდის“ ერთი აქციის შეწონილმა ფასმა შეადგინა 18.54 ლარი, 2018 წელს - 18.89 ლარი, ხოლო 2019 წელს კი - 22.79 ლარი. აქციების განთავსების შედეგად კომპანიის აქციონერი გახდა 2032 ფიზიკური პირი, ხოლო კომპანიის კაპიტალში მოზიდული იქნა 40.239.000 ლარი.
ამ პერიოდში, აქციების საშუალებით მოზიდული და კომპანიის მიერ გენერირებული თანხები მიმართული იქნა სს „ნიკორა ტრეიდის“ ქსელის განვითარებაზე. 90-ზე მეტი სუპერმარკეტი გაიხსნა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში და წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ 60 ობიექტის გახსნა იგეგმება. სს „ნიკორა ტრეიდის“ განვითარების გეგმის თანახმად, 2020 წლის ბოლოს კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 450-მდე სავაჭრო ობიექტი უნდა ჰქონდეს. გეგმა მიზანმიმართულად ხორციელდება. დღეის მდგომარეობით მის მფლობელობაში 285 მაღაზიაა.
სს „ნიკორა ტრეიდმა“, პირველმა საქართველოში განათავსა კუპონური ობლიგაციები ლარში. მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში ჯერჯერობით კარგად განვითარებული არ არის, „ნიკორას“ მრავალწლიანმა ისტორიამ, კვების პროდუქტების ბაზარზე მისმა უცვლელმა ლიდერობამ და საიმედოობამ განაპირობა ინვესტორების დიდი დაინტერესება და ნდობა.
სს „ნიკორა ტრეიდს“ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი B+ და მის ობლიგაციებს BB- მიანიჭა. B+ საქართველოს ბაზრისთვის უმაღლესი შეფასებაა. ეს არის არა მხოლოდ შეფასება, არამედ დაფასება იმ გზის, რომელიც კომპანიამ წარმატებისა და ფინანსური გამჭირვალობის კუთხით გამოიარა.