"ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა"

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება მისი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მასზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დაკითხვაზე შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. როგორც მისმა ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განაცხადა, საუბარია 2014 წელს განხორციელებულ ძალადობაზე.

ადვოკატის თქმით, მეუღლეები ერთმანეთს 2012 წელს დაშორდნენ, თუმცა საერთო შვილი ჰყავთ და შესაბამისად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგურამოში ხშირად მიდიოდა ბავშვთან ერთად. მისი თქმით, სწორედ ასეთი სტუმრობის დროს მოხდა ძალადობის ფაქტი.

„გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით. საუბარია, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ ძალადობაზე და არაერთხელ განხორციელებულ ძალადობაზე. ანა აპირებს, დეტალურად მისცეს ჩვენება გამოძიებას, ის დაასახელებს ყველა მოწმეს და ყველა ფაქტს. ანას სურვილია, რომ პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ეს დანაშაულები. კითხვაზე - რატომ დუმდა აქამდე, გეტყვით, რომ ამ კითხვის პასუხია ჩვენება, რომელსაც ანა მისცემს გამოძიებას, ძალადობა არის ძალიან სპეციფიკური. მსხვერპლი ყოველთვის არ არის მზად, ისაუბროს ამ საკთხზე", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმის ხანდაზმულობას, რუხაძის განცხადებით, ძალადობის ბოლო ფაქტი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და მას ხანდაზმულობის ვადა ხაგრძლივი აქვს.

„ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მისი არასრულწლოვანი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და 6 წლამდე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული ხანდაზმული არ არის", - აცხადებს რუხაძე.