1-წლიანი უელჩო დიპლომატია - რატომ არ ნიშნავს აშშ საქართველოში ელჩს

1-წლიანი უელჩო დიპლომატია - რატომ არ ნიშნავს აშშ საქართველოში ელჩს

ზაალ ანჯაფარიძე: „თუ უახლოესი 6 თვე ელჩის ნომინირება არ მოხდა, საქმე მხოლოდ პროცედურულ ბარიერებში არ უნდა იყოს“

აშშ საქართველოში ელჩის დანიშვნას უკვე თითქმის ერთი წელია არ ჩქარობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, ელჩი, როგორც სრულუფლებიანი დიპლომატიური ფიგურა, არ ჰყავს. 2018 წლის აპრილიდან, რაც იან კელის საქართველოში ელჩობის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, აშშ-ს საქართველოში ელჩი აღარ დაუნიშნავს.

თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიპლომატი ელიზაბეთ რუდი გახლდათ, რომელიც გასული წლის ნოემბერში კარიერულმა დიპლომატმა როს უილსონმა შეცვალა. მას კი, ექვსთვიანი ვადა ზაფხულში ეწურება.

საქართველოში ელჩის ადგილი კი კვლავ ვაკანტური გახდება და აშშ-ს ელჩის დასანიშნად, ფაქტობრივად, მხოლოდ რამდენიმე თვე რჩება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ თემით მანიპულირებას აქვს ადგილი, რადგან დღეს არსებობს სხვა ქვეყნებიც, სადაც აშშ-ს ასევე ელჩი არ ჰყავს დანიშნული.

„ამ თემის ირგვლივ ბევრი სპეკულაცია და ვნებათაღელვა გამოითქმის, მაგრამ ეს არ არის იმდენად საგანგაშო ნიშანი, რამდენადაც მის წარმოჩენას ცდილობენ. არაერთ ქვეყანაში არ არის დანიშნული აშშ-ის ელჩი, თუმცა ის ფაქტი, რომ ამდენი ხანი ოფიციალურად ელჩი არ არის დანიშნული საქართველოში, გარკვეულ უხერხულობის განცდას იწვევს და ალბათ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, საქართველოს ხელისუფლება სავარაუდოდ ამ საკითხს არკვევს, თუ რატომ არ არის აშშ-ის ელჩი დანიშნული," - აღნიშნა მან.

ანჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად არის მიჩნეული, იგი საქართველოში ელჩის დანიშვნას მაინც არ ჩქარობს, რაც გარკვეულ გაუგებრობას ქმნის.

„ის, რომ საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეულ ქვეყანაში აშშ-ის ადმინისტრაცია აქამდე ელჩს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, გარკვეული უხერხულობის გამომწვევი მომენტია.

"არ მიუთითებს არაფერ იმაზე, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებში გაჩენილიყო ისეთი მომენტი, რაც ელჩის არდანიშვნის და ამ სახით საქართველოს მიმართ ასეთ უკმაყოფილების გამოხატვის მიზეზი გახდებოდა. ეს უფრო პროცედურულ და ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება.

„დღეს საგარეო პოლიტიკური ფონი დამძიმებულია. მოგვეხსენებათ რა ურთიერთობა აქვს აშშ-ს რუსეთთან, როგორი დაძაბული ბრძოლა მიდის პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენების მოსაპოვებლად და აშშ რამდენად წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, რომ მან არ შეძლოს საკუთარი გავლენების აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

„საქართველო, ფაქტობრივად, არის ამიერკავკასიაში მისი ერთადერთი საყრდენი და სტრატეგიული პარტნიორი. არამგონია, რომ აშშ-მა ძალიან გააჭიანუროს ეს ამბავი. თუ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მაინც არ მოხდა ელჩის კანდიდატურის თუნდაც ნომინირება, მაშინ ეს რაღაც გარკვეულ კითხვებს წარმოშობს, - როგორც ჩანს, საქმე მთლად პროცედურულ და ბიუროკრატიულ ბარიერებში არ უნდა იყოს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.