მთავრობამაც იცის ამ გარდაუვალი მსხვერპლის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებს

მთავრობამაც იცის ამ გარდაუვალი მსხვერპლის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებს

სამოქალაქო აქტივისტის  ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით მთავრობა მძიმე სამუშაო პირობებში ადამიანურის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად არაფერს აკეთებს. ამის შესახებ ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ქალაქის შუაგულში მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. ოჯახის წევრები მთელი ღამე, წვიმასა და ქარში ელოდებოდნენ ახლობელთა გვამების აღმოჩენას. გვპირდებოდნენ სიცოცხლით სავსე ქალაქსა და ქვეყანას და მივიღეთ სიკვდილით სავსე ქალაქი და ქვეყანა. “ლეჩკომბინატის” ტერიტორიაზე გარდაცვლილი პირები არც პირველნი არიან და არც უკანასკნელნი. ჩვენ ვხვდებით, რომ მომავალ კვირებშიც და თვეებშიც დაიღუპებიან ადამიანები სამუშაო ადგილზე, უბრალოდ ჯერ მათი სახელები არ ვიცით, ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს მათ ადგილზე … მთავრობამაც იცის ამ გარდაუვალი მსხვერპლის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებს. მათ ნორმალურად მიაჩნიათ, რომ ერთეულთა სიმდიდრე ღარიბთა ჟლეტის ხარჯზე შეიქმნას.

როგორ შევაჩეროთ მშრომელთა მასობრივი განადგურება?

ყველა სამუშაო ადგილზე შრომის ინსპექტორს ვერ მივავლენთ. თუმცა, ვერც “სამწევრიანი” ინსპექცია უზრუნველყოფს შედეგიან ზედამხედველობას. ინსპექცია ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსებით უნდა იყოს მომარაგებული. ისინი შიშის ზარს უნდა სცემდნენ კანონდამრღვევებს და მუდმივ, პერმანენტულ მონიტორინგს უნდა ახორციელებდნენ მთელ ქვეყანაში. ჩვენ კი გუშინ სიკვდილის ადგილთან არმიშვებული, კართან ატუზული ინსპექტორები ვნახეთ, რომლებიც დამსაქმებელმა აბუჩად აიგდო.

მშრომელთა გარდაცვალების უკანასკნელი სამასი ფაქტიდან მხოლოდ 20-მდე შემთხვევაში დაისაჯა ვიღაც. სანამ მკვლელები სათანადოდ და სრული სიმკაცრით არ დაისჯებიან, მანამდე არაფერი შეიცვლება. ბიზნესმენი, რომელსაც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო ადამიანი დაეღუპება, ისე უნდა დაზარალდეს, რომ შემდეგ ჯერზე საკუთარი ხელით გაუკეთოს ყველა მუშას საკონტროლო ქამარი, თავისი ხელით დაახუროს თანამშრომელს ჩაფხუტი და ა.შ. ასეთ ბიზნესმენებს სიცოცხლის ბოლომდე უნდა ჰქონდეთ მისჯილი დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა.

დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო საკუთარ მიზნად აცხადებს მხოლოდ საპოლიციო ძალაუფლების განხორციელებას, ვალების ხარჯზე გზების დაგებასა და ბიზნესისთვის სერვისების მიწოდებას. მორჩა და გათავდა! სახელმწიფო არის უბადრუკი, უსუსური, უძალო, ბიზნესზე დაქვემდებარებული, მილიონერებს დამონებული. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, ძლიერი და მზრუნველი სახელმწიფო, რომელიც მარტოობისა და სიკვდილისთვის არ გაწირავს მშრომელს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაუნდობლად დაუპირისპირდება ადგილობრივ ფინანსურ გიგანტებს და ადგილს მიუჩენს მათ.

გიორგი ღვინჯილია საუბრობს ღარიბთა და ჩაგრულთა კოალიციის შექმნის აუცილებლობაზე. ტაქსისტების, დევნილების, მუშების, სტუდენტების, სოციალური მუშაკების, ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტთა ბრძოლებს თავი უნდა მოვუყაროთ, მათი წარმომადგენლობითი სათათბირო უნდა შევქმნათ…

სოციალური სახელმწიფოს იდეის გამარჯვება მხოლოდ ამგვარ სოლიდარობას შეუძლია და არა ტრადიციულ სცენარს: სიკვდილი, მიტინგი, პოლიციასთან ჩხუბი, დაჭერა, გამოშვება, დისკუსია, მოლაპარაკება, ლოდინი, მოტყუება და ისევ თავიდან… პრაქსისი არის გამოსავალი.

და რაც მთავარია! ჩვენ მარტო არ ვართ, აბსოლუტური სიკეთე და სიყვარულიც არსებობს, რომელიც სამართლიან და მუყაით შრომას წყალობის გარეშე არ დატოვებს”, – წერს ლორთქიფანიძე.

სოციალისტი აბა ეს ხომ არის რა?! შვილო ერთი დღე არ გიმუშავია, არსად სადაც რარაც მატერიალური იქმნება ან შენდება რამე... რა იცი, საიდან იცი, დაგესიზმრა?! მეცნიერებაში რომ ერკვეოდე ელემენტარულად, სტატისტიკის კანონებს გაკვრით მაინც რომ იცნობდე... ეხ, აბა ამას და მის ძმაკაცებს რა უნდა ელაპარაკო?!
6 წლის უკან